მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტით იმყოფება ოდესის რეგიონში, სადაც მოისმინა სამხედროების მოხსენებები და გამართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის დაცვას.

შეხვედრის დროს განიხილეს შავ ზღვაში არსებული ვითარება, ასევე „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: ოპერატიული ვითარება და უკრაინის გაერთიანებული სარდლობის “ოდესის” დაჯგუფების პასუხისმგებლობის ფარგლებში საომარი მოქმედებების ჩატარება, შავ ზღვაში არსებული ვითარება, ნაღმების საწინააღმდეგო ზომები და “მარცვლეულის დერეფნის” უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოდესის ოლქის საჰაერო თავდაცვის საქმიანობა, ჰაერიდან ოდესის მარცვლეულის დერეფნის ინფრასტრუქტურა და იქ მყოფი ჩვენი ბრიგადების დაცვა”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ასევე შეხვდა უკრაინის სამხრეთის დამცველ სამხედროებს და მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
ოდესის რეგიონს, კერძოდ, მის საპორტო ინფრასტრუქტურას, რუსეთი რეგულარულად ესხმის თავს.

რუსეთის არმია მუდმივად უტევს უკრაინულ დასახლებებს სხვადასხვა სახის იარაღით: უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებით. მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს მიზანმიმართულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.
პრეზიდენტთან ერთად, ოდესაში იმყოფებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების რეგიონულ ცენტრსაც ეწვია. გაეცნო ხარკოვის, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკის და დნიპროპეტროვსკის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეების მდგომარეობას, ასევე მოინახულა ღაზის სექტორიდან ევაკუირებული უკრაინელები.

ოდესის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების რაიონულ ცენტრში ამჟამად 69 ადამიანია, მათგან 17 ბავშვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button