აქცია ბათუმში, დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მორიგ აქციას მართავენ. მათ მთავარი სამმართველოდან აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს, მთავრობის სახლთან კი, მოთხოვნები გააჟღერეს.
ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პატიმრები უდანაშაულოები არიან. დაკავების მოტივად, ამჯერად, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ასახელებენ.
დაკავებულის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე დაადანაშაულა. წულუკიძემ განმარტა, რომ დავით რიჟვაძე მათ სთხოვდა, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ემუშავათ, რაზეც უარი უთხრეს.
ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ ამისთვის სოლიდური თანხაც კი შესთავაზეს და დამამტკიცებელი სამხილებიც აქვს. მისი თქმით, თუ დაკავებულებს არ გამოუშვებენ, მაშინ აღნიშნულ სამხილებს გაასაჯაროებს.