მნიშვნელოვანირეგიონი

აქცია ლაგოდეხში – მოსახლეობის ნაწილი, წყლის მრიცხველების გაუქმებას და სარწყავ წყალს ითხოვს

ხმაური იყო დღეს კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ ამიერიდან ისინი წყლის გადასახადს მრიცხველის მიხედვით გადაიხდიან.

აქამდე ლაგოდეხის მოსახლეობა წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით, თითო წევრზე 50 თეთრს იხდიდა, მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში კი გადასახადი 1 ტონა წყალზე 0.42 თეთრი იქნება. მოსახლეობის გათვლით, ასეთ შემთხვევაში თითო ოჯახს თვეში 50 ლარის გადახდა მოუწევს, რისი საშუალებაც არ აქვთ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ამ ოდენობის გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ. ისინი მრიცხველების გაუმქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს ყოველდღიური სახე მიეცემა.
აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მათ არც სარწყავი წყალი მიეწოდებათ, ამიტომ სასმელი წყლის სარწყავად გამოყენებაც უწევთ, რადგან, ყველა ოჯახს ეზოში ბოსტანი აქვს მოწყობილი.

აქციის მონაწილეებს შეხვდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია. მან შეკრებილებს უთხრა, რომ მრიცხველების გაუქმება ვერ მოხდება, სარწყავ წყალს კი დაახლოებით ერთ თვეში მიიღებენ. აქციის მონაწილეები, საკრებულოს თავმჯდომარის ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა. მათ კახა ჯამბურიას ტერიტორიის დატოვება ურჩიეს.

ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გამოიცვალა მიწისქვეშა წყალგაყვანილობის სისტემა, მოეწყო სათავე ნაგებობა და სამი ჭაბურღილი. ამ პროექტის ფარგლებში მონტაჟდება წყლის მრიცხველებიც. აქამდე მოსახლეობა გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, მოსახლეობა ჩივის წყლის ხარისხზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button