რეგიონისიახლეები

აქცია, მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვა-შენარჩუნების მოთხოვნით

სამეგრელო-ზეო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვა-შენარჩუნების და მათთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორმა და ინიციატორმა, იური ღვინჯილიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კიდევ ერთი მოთხოვნა რეგიონული, ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიკაციაა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას ამ პრობლემას და მოვითხოვთ ამ საკითხზე დისკუსიას. ასევე მოვითხოვთ ხელისუფლებიდან წავიდეს ქართული ოცნება, რადგან სწორედ მის პირობებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შეექმნა ენებს“, – განაცხადა იური ღვინჯილიამ. მასთან ერთად დღეს აქციაზე რამდენიმე მოქლაქე ჩამოვიდა მარტვილიდან და სენაკიდან.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია გამოვიდა. მან ენების გადარჩენის საკითხზე დისკუსიის გამართვაზე შეკრებილებს თანხმობა მისცა. საპროტესტო აქციები მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით, პერიოდულად იმართება.

იური ღვინჯილია ადრე განათლების ცენტრ „კოლხიდას” ხელმძღვანელობდა, რომელსაც მეგრულენოვანი რადიო და ვებ-გვერდი ეკუთვნოდა, თუმცა ის 2015 წლის იანვარში დახურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button