მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქცია პარლამენტთან, რურუას გათავისუფლების მოთხოვნით

გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტის შესასვლელთან რურუას მხარდამჭერებისა და მეგობრების გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. თუკი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, მისი მხარდამჭერები პერმანენტულ აქციას აანონსებენ.

შეგახსენებთ, გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ოპოზიციური სპექტრი კი, რურუას გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია. მათი მოთხოვნის არგათვალისწინების გამო, ხელისუფლების ოპონენტები, პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ იღებენ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენაში მინაწილეობას არ მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button