მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აქცია ქობულეთში

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა.

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, სახელმწიფომ დროებით მფლობელობაში ან საკუთრებაში გადასცეს მიწები, სადაც დღეს ჩაის პლანტაციებია. მათი განცხადებით, სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ, მაგრამ პანდემიის გამო, მეზობელ ქვეყანაში ვერც ჩაის საკრეფად მიდიან და ვერც სხვა სამუშაოზე დასასაქმებლად.

ადგილობრივთა განცხადებით, ისინი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. აქციაზე დაახლოებით, 400 პირი იმყოფებოდა. მათი განმარტებით, ფართობი, რომლებზეც დღეს ჩაის პლანტაციებია გაშენებული, ერთ-ერთ ბიზნესმენზეა გასხვისებული, რომელიც ადრე მიწის დამუშავებას და დასაქმებას დაჰპირდა, თუმცა პირობა დღემდე არ შეუსრულებია. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ მიწის მესაკუთრე ტერიტორიის გაყიდვას აპირებს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთების ნაწილით, ადგილობრივები თვითნებურად სარგებლობენ. ტერიტორიის ნაწილს მოსახლეობა საბოსტნედ იყენებდა, თუმცა მიწების გასხვისების შემდეგ, ამის უფლებაც შეეზღუდათ.

აქციაზე დღეს იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც. ის, აქციის მონაწილებთან ერთად, ხელისუფლებას 10 დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ საკითხით დაინტერესდეს და მოსახლეობას საკუთარი პოზიცია გააცნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორია შპს “მილენიუმ ტრანსა”-ზე 2008 წელს, ვალდებულებების გარეშე გასხვისდა. ქობულეთის მერის განცხადებით, ის საკითხს შეისწავლის, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ინვესტორს ადგილობრივებთან რაიმეს სახის დამატებითი ვალდებულება აღებული.

“საჯარო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც 200 ჰექტარზე მეტია, 2008 წელს არის გასხვისებული კერძო სამართლის იურიდიულ პირზე. ამ მიწის ნაკვეთის განკარგვა, დამუშავება წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და შესაბამის მხარეს შორის შეთანხმების საგანს. ხელშეკრულების მხარე არის ეკონომიკის სამინისტრო, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი მეორე მხარე. კომპეტენტური აზრი და პოზიცია, დაირღვა თუ არა რაიმე სახით ხელშეკრულება, უნდა განახორციელოს სწორედ სამინისტრომ. მერია ამ შემთხვევაში არ არის არც ხელშეკრულების მხარე და არც ქონების განმკარგველი. იურიდიულმა პირმა უნდა გადაწყვიტოს მისი განკარგვის საკითხი.” – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

მოისმინეთ აქციის მონაწილეების, – მურთაზ აბაშიძის და ნაირა ძირკვაძის, ასევე, უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის და ქობულეთის მერ მირიან ქათამაძის ხმები.

ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე დაახლოებით, 700 ოჯახი ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 25%-ს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში საერთოდ არ გააჩნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button