აქცია სოფელ რუხში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ე.წ საზღვრისპირა სოფელ რუხში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ენგურის ხეობაში მიწა ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობამ საძოვრების უმეტესი ნაწილი დაკარგა.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საწარმოს მუშაობის უფლება არ მისცეს. ამ მოთხოვნით, ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და აცხადებენ, რომ დარჩენილი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები სოფელს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს, რადგან მესაქონელობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა და ამ დროისთვის, საწარმოს სამუშაოების განხორციელების უფლება დროებით შეჩერებული აქვს.
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ქვა-ღორღის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მას შესაბამისი ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ მიანიჭა.