მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეებმა „აგენტების კანონის“ გასაწვევად „ქართულ ოცნებას“ ვადა 22:30 საათამდე მისცეს

თბილისში, პარალმენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ ე.წ. აგენტების კანონის უკან გასაწვევად ვადას 22:30 საათამდე აძლევენ. ამის შესახებ სცენიდან აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა ისაუბრა, რომელმაც რიტორიკული კითხვა დაუსვა მოქალაქეებს.

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება.

ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა აქციაზე.

მას არ უსაუბრია, კონკრეტულ გეგმაზე, რას გეგმავენ ამ დროის ამოწურვის შემდეგ. პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად უკვე მესამე დღეა მოქალაქეები იკრიბებიან. დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button