მნიშვნელოვანისიახლეები

კანონი არის სწორედ ევროპული – გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ევროპული, რადგან ეფუძნება რთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე, ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს, ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი მოგეხსენებათ, ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში. ასევე, ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი და ასევე, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები.

შარშან იტყუებოდნენ და წელსაც, რომ, თითქოს, ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე, თითქოს, სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში, ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანიზაციის მონაცემები, მათ შორის, ყველაზე მდიდარი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ, ამ ორგანიზაციების ფინანსების, მაქსიმუმ, 18% იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტი არის საჯარო.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა, როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული?! ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. თუ ხარ კეთილსინდისიერი, იღებ ფულს, ხარჯავ, რატომ არ გინდა ხალხისთვის ამის ჩვენება. უბრალოდ პასუხი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით.

გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მითუმეტეს, ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთისგან მტრებსა და მეგობრებს. ის თანაბრად ვრცელდება ყველაზე, მტერსა და მეგობარზეც, კეთილსინდისიერსა და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც. ის, რომ საქართველოს მთავრობა მაგალითად არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ, გამჭვირვალობა არის სწორედ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ის არის, პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული ღირებულება შინაარსში შესვლაა და ზედაპირული საუბარი არ არის, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, თუ კონკრეტული კითხვები არსებობს, პრემიერ-მინისტრის შეთავაზება არსებობს, ევროკავშირის წარმომადგენელი მობრძანდეს და შინაარსობრივი კითხვები დასვან, რაზეც პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა ევროპული კურსიდან გადახვევა არ არის.
„ისინი ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ისევ ვერ შეიყვანენ. გამჭვირვალობა დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია. კანონპროექტში მხოლოდ გამჭვირვალობა წერია. ევროპული კურსიდან მათ გადაუხვიეს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. ეს არის იმის მაგალითი, რომ ძალადობის წახალისება არ მოხდეს. პარტნიორების მხრიდან ზედაპირული განცხადება არ უნდა გაკეთდეს, რომ კანონპროექტო ხელს არ უწყობს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს და თქვან, გამჭვირვალობა რატომ არის არაევროპული?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქართველი ხალხის ინტერესშია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე დაუსვეს შეკითხვა.
„ჩვენ ყველას განცხადებებს ვისმენთ, ყველას განცხადებებს პატივს ვცემთ, თუმცა ერთადერთი, ვისი განცხადებაც ჩვენთვის არის უმაღლესი და ავტორიტეტი, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ინტერესშია ზუსტად ეს კანონი. მესმის, რომ შესაძლოა, არსებობდნენ ჯგუფები, რომლებსაც ეს კანონი არ მოსწონთ, მათ შორის, საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, მათ შორის აქციაზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ, მაგრამ საქართველო უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე ჯგუფი. ამიტომ, პატივი ვცეთ მთლიანად საქართველოს, ყველას, დიდ-პატარას, რეგიონშიც და ცენტრშიც. საქართველო არის ერთი დიდი მთლიანი ქვეყანა, ყველას აქვს სიტყვის უფლება, მისი წარმომადგენლებით მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს საქართველოს პარლამენტში რა მოცემულობაც გვაქვს უმრავლესობის, ეს მოცემულობა აირჩია ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხის ინტერესშია ამ კანონის მიღება. ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს. დადგნენ საქართველოს მხარეს ის ხალხი, რომელიც მსჯელობს, ფიქრობს, აკვირდება ამ პროცესებს და იზრუნონ ქართველი ხალხის ინტერესზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს, ებრძვიან სახელმწიფოს, თავისუფალ აზრს, ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე, არ უნდათ არჩევნები. მათი მიზანია, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება.
„რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს მიტაცებული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში. რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ:
ებრძვიან სახელმწიფოს; ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას; ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე; არ უნდათ არჩევნები.
მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რათა აკეთონ ანტიქართული საქმე.
რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთავარს – ქართულ სახელმწიფოს.
საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი, ქართული სახელმწიფო“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button