მნიშვნელოვანისიახლეები

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს

კობახიძემ პრეზიდენტს - "უცხოური გავლენის აგენტი" უწოდა

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ბერკეტის გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ ვეტოს დაძლევენ, იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის ინიციატივას:

“ეს არის კანონი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ხელისუფლების განზრახვას- ევროინტეგრაციის გზა დააბრკოლოს, თუმცა ის, რაც ქუჩებში ხდება, აჩვენებს რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. თუ რა არის ევროინტეგრაცია, მთავარი ამოცანა – 26 ოქტომბერს არჩევნებით დადგება. ეს კანონი კი არის დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ამ კანონს ვეტოს დავადებ, ისე, როგორც სხვა კანონებს ვადებ ვეტოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი კანონი. ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს. მაგრამ ჩემს ვეტოს აუცილებლად დაძლევენ, რადგან პარლამენტში არის უმრავლესობა, თუმცა ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმა და ეს ხმა ყველაზე ხმამაღლა გაისმება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უპირველეს ყოვლისა, ნათელია ის, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ასე იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვინც ქართველი ხალხის ამ ნების წინააღმდეგ წავა, წარმოადგენს არა ქართულ ნებას, ქართულ დამოუკიდებლობას, არამედ რაღაც სხვას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„და როდესაც კანონი, რომელსაც გამოიყენებენ, არის ასლი იმისა თუ რა დააწესა წარმატებით პუტინმა რუსეთში, იმ შედეგებით, რომლებიც ვნახეთ – აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აღარ არსებობს ოპოზიცია და ყველაფერი კონტროლირდება, ეს არ არის მომავალი, რომლის მიღებაც საქართველოს მოსახლეობას შეუძლია. ეს არ არის მომავალი, რომელსაც მე მივიღებ.

კანონს ვეტოს დავადებ. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევენ, მაგრამ აქ ვსაუბრობ, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოვხატავ, რომელიც ქუჩებში ჩანს და თუ დააკვირდებით, თუ ვინ წარმოადგენს მოსახლეობას, ესენი ძირითადად ახალგაზრდა თაობაა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, რათა უთხრას “არა” რუსეთს, უთხრას “არა” რუსულ კანონს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილს – “უცხოური გავლენის აგენტი” უწოდა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ზურაბიშვილს მოუწოდა არჩევნებს დაელოდოს და ქართველი ხალხის სახელით არ ისაუბროს:

“სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი, შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის შესაბამისი უცხოური ძალა – გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.

რაც შეეხება “გამჭვირვალობის კანონის“ სახალხო ლეგიტიმაციას, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში.

შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველი ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა. ის შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს, სთხოვს საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილონ. – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი სხდომის დღის წესრიგში ამ ეტაპზე შეტანილი არ არის.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ პრეზიდენტს “გაუგონარი დამოკიდებულება აქვს”.

“სასწაულია, ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვას სცდება. რა გამოდის?! საკუთარ ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან?! – არც კი ვიცი ასეთი გამოცდილება ისტორიაში, თუ არსებობდა. არ მინდა შევადარო ცენტრებს, მაგრამ ეს გვახსოვს მაშინ, როდესაც საქართველო 30 წლის უკან იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი. ცენტრში, როცა მიდიოდა ჩივილები და ეს მიდგომა თუ აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს, თან სხვა სახელმწიფოსთან, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან?! აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულება არის გამოჩენილი ქალბატონიო სალომეს მხრიდან ქვეყნის მიმართ. როგორც ჩანს, სახელმწიფოდ არ თვლის ამ ქვეყანას, ეს არის ზუსტად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრა. ქალბატონ სალომეს და ბევრს ამ ჯგუფიდან, მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა უკარნახო სხვა ქვეყნის ლიდერებმა რა აკეთოს და რა არ აკეთოს “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button