მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი არასტაბილურია ან ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს

ვლადიმირ პუტინი წელს 70 წლის ხდება. მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიბო აქვს ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ არ მიიჩნევს, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ჟურნალ Politico-ს თანახმად ამის შესახებ ბერნსმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის ერთობ ჯანმრთელია“, – აღნიშნა ბერნსმა და აღნიშნა, რომ ეს არ არის დაზვერვის ოფიციალური განცხადება. ამერიკელი მაღალჩინოსანი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პუტინის ირანში ვიზიტის დროს, რომლის ამსახველ ვიდეოკადრებზე ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სიარულის დროს კოჭლობდა.

მედიაში არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთლეობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მას მძიმე დაავადება აქვს. თუმცა როგორც უილიამ ბერნსმა განაცხადა, ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

“ბევრი ჭორია პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ის სრულიად ჯანმრთელია”, – თქვა ბერნსმა უსაფრთხოების ფორმუზე.

აღსანიშნავია, რომ უილიამ ბერნსი 2005-2008 წლებში მოსკოვში აშშ-ის ელჩად მუშაობდა, ის ამბობს, რომ რუს ლიდერს დიდი ხანია აკვირდება და ორი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა მასთან ურთიერთობა.
უილიამ ბერნსკის თქმით, პუტინი „კონტროლის, დაშინების და ანგარიშსწორების დიდი მომხრეა და მისი ეს მიდგომა ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო გამკაცრდა მისი მრჩეველთა წრის შემცირებასთან ერთად.

“ის დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის დანიშნულებაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდებული ძალის მქონე სახელმწიფო. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღებია სამეზობლოში გავლენის სფეროების აღდგენა და ამის გაკეთება არ შეუძლია უკრაინაზე კონტროლის გარეშე”, – თქვა CIA-ის ხელმძღვანელმა.

როგორც ბერნსმა იხუმრა, ვლადიმერ პუტინი „ზედმეტად ჯანმრთელად“ გამოიყურება და დასძინა, რომ ეს ხუმრობა არ იყო ოფიციალური სადაზვერვო შფასება.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში ნოემბერში იმყოფებოდა, რათა გაეფრთხილებინა პუტინი უკრაინაში ინტერვენციის შემთხვევაში სერიოზული შედეგების შესახებ. თუმცა ბერნსის თქმით, მან რუსეთი კიდევ უფრო შეშფოთებულმა დატოვა, ვიდრე იქ ჩასვლისას იყო.

როგორც ბერნსმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტების გეგმები ეფუძნებოდა მცდარ შეფასებებს და ზოგიერთ ილუზიას, განსაკუთებით უკრაინასთან და წინააღმდეგობის ნებასთან დაკავშირებით.

„პუტინს ნამდვილად სჯერა თავისი რიტორიკის. მომისმენია, როდესაც წლების განმავლობაში პირად საუბრებში ამბობდა, რომ უკრაინა არ არის ნამდვილი ქვეყანა. ნამდვილ ქვეყნებს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. სწორედ ეს არის, რაც უკრაინელებმა გააკეთეს“, – განაცხადა უილიამ ბერნსმა.
მაისში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სერიოზულად არის ავად, ივნისში იგივე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმეორა.

ივნისის დასაწყისში ჟურნალი Newsweek-ი, თეთრი სახლის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ აპრილის ბოლოს და მაისის შუა რიცხვებამდე, ამერიკის სადაზვერვო უწყებები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პუტინი მძიმედ იყო ავად და შესაძლოა მომკვდარიყო. პუბლიკაციაში მოტანილი ცნობა უარყო აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. მისი თქმით, სადაზვერვო საზოგადოებას ასეთი დასკვნა არ ჰქონია და ის პრეზიდენტ ბაიდენისთვის არ შეუტყობინებიათ.

კრემლი უარყოფს ცნობებს პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ბოლო დროს პრეზიდენტის პრესსამსახურმა აღიარა, რომ პუტინს პრობლემები 2012 წელს ჰქონდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ზურგი დაიზიანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button