მნიშვნელოვანისიახლეები

„არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას“ – მედიასაშუალებები

ოპოზიცია და საქართველოს მეგობარი ქვეყნის ლიდერები რუსული კანონის შემობრუნებას ეხმაურება

დამოუკიდებელი ონლაინ მედიები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას აკეთებენ. მათი თქმით, კანონის მიზანი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების გაჩუმება და გაქრობაა, ისევე როგორც ეს რუსეთში მოხდა:
“ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად, 1 წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე. იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახიდან, ასამარებს დასავლურ მომავალს.
რუსულმა კანონი რუსეთში უკვე გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი გადარჩა ქვეყნიდან განდევნეს. რეჟიმის წინაშე, რუსეთის საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი
ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ მას წინააღმდეგობას და დამოუკიდებელი მედია მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე. ” აცხადებენ ჟურნალისტები.
მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებმა „ქართული ოცნების“ მიბრუნება ამ კანონპროექტზე თავისუფალი სიტყვის ჩახშობად შეაფასეს.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ტაბულა“, „მთის ამბები“, „სტუდია მონიტორი“ და ა.შ.

ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ – განაცხადა “მოქალაქეების” წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში.
დარბაზში დაპირისპირება რუსული კანონის შემობრუნების გადაწყვეტილებას მოჰყვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ბნელ ფულებს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური, ამას არ აქვს. არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი, ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ” თქვა ელისაშვილმა.

“ვიწყებთ სრულ მობილიზაციას! დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას”, – ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” განცხადებაშია საუბარი. მარტის აქციების მონაწილე სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან.
დილა ისევ ღალატით დაიწყო!
დილა დაიწყო ისევ გადაგდებით!
“რუსულმა ოცნებამ” დღეს საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უთხრა: გადაგაგდებთ რამდენჯერაც მოგვინდება! მოგატყუებთ რამდენჯერაც საჭირო იქნება! საქართველოს რუსეთიზაციის პოლიტიკაზე ხელს არ ავიღებთ!
დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა საქართველოს პუტინისტური ხელისუფლების რეალურ სახეში, რომლებიც აპირებენ გენერალური შტურმი მიიტანონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და არჩევნებამდე კიდევ ერთხელ სცადონ მისი სრული საბოტაჟირება.
კანონის ხელახლა დაინიცირება აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიიღება კრემლში და არა თბილისის რომელიმე კაბინეტში.
დირექტივა მოდის იქიდან, საიდან მართვაზეც ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად 33 წლის წინ, რეფერენდუმით თქვა უარი!
რუსეთი ისევ, ამჯერად საქართველოში არსებული ხელისუფლების ხელით ცდილობს ქვეყნისთვის პერსპექტივისა და მომავლის წართმევას.
ჩვენ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წელს არ მივეცით ამის საშუალება ხელისუფლებაში მყოფ კოლაბორაციონისტებს, არც ამჯერად ვაპირებთ უკან დახევას, პირში წყლის დაგუბებას და რუსული დაკვეთის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობის მიცემას.
ქართული ახალგაზრდობა, სტუდენტობა, საკუთარი დუმილით ვერ გახდება ქვეყნის რუსეთიზაციის თანამონაწილე!
სწორედ ამიტომ, განცხადებაზე ხელმომწერი ახალგაზრდული ორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ ყველა ხელთ არსებული საშუალებით დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას.
არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანა განვითარების დასავლური რელსებიდან გადაიყვანოს და კვლავ რუსულ მარწუხებში დააბრუნოს, საკუთარი ავტოკრატიული ვნებებით
დღეიდან ვიწყებთ სრულ მობილიზაციას, საზოგადოებისა და ჩვენი თაობის წარმომადგენლების ინფორმირებას, რათა რეჟიმმა ვერ შეძლოს ზემოთ აღნიშნული მიზნების სისრულეში მოყვანა!
ერთად დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს და კვლავაც ვიტყვით: ზღაპრის ბოლო კეთილია!
გამოწვევა მიღებულია!, – წერენ სტუდენტები.

მწვანე მოძრაობა სოციალური და გარემოს სამართლიანობის მისაღწევად აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” 2023 წლის მარტში არ გაუვიდა “რუსული კანონის” მიღება და ის არც ახლა გაუვა:
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, რუსული კანონი ისევ დაინიცირდება.
არ გაუვიდათ გასული წლის მარტში!
არ გაუვათ ახლა! #არარუსულკანონს

ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა – ასე აფასებს ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი “ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე.
“რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
ქვეყანა. ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი – გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე, ამ თემებით მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში, რომ ასი ათასობით ადამიანი გარბის, რომ ყოველდღიური პრობლემები აქვთ, რომ უმძიმესი გაჭირვებაა, უმუშევრობაა ქვეყანაში, გადაიტანონ სვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფონ.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი და აქედან დაახლოებით 5-6 თვეში არის უნიკალური შესაძლებლობა ხელისუფლება შევცვალოთ. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს გააზრებული არჩევანი გასაკეთებელი – უნდათ იცხოვრონ გაჭირვებაში, სიღარიბეში, იქ სადაც მუდამ ემიგრაციაზე ფიქრობენ, შვილები დედების გარეშე იზრდებიან, თუ იცხოვრებენ ევროკავშირში ეკონომიკური დოვლათით, მაღალი ანაზღაურებით, ნორმალური დასაქმებით, იმ პირობებით, რომლითაც შეძლებენ ოჯახების შენახვას, ბედნიერებას, გაღიმებას, რასაც სამწუხაროდ გადაეჩვია ჩვენი საზოგადოება უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ამიტომ, ყველა ერთად პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი უნდა ხვდებოდეს მარტივ ჭეშმარიტებას – ხელისუფლება არის დასრულებული, ისინი არიან მილევად რეჟიმში და ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება.“ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” მიერ „აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
„ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილი!“ – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).პაპუაშვილი 2007-2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით საბოტაჟს ეწევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მან თავის ადმინისტრაციაში განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირების გადაწყვეტილების საკითხზე გამართა.
„’ოცნებამ’ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა „არა“!.. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი…
„ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მმართველი პარტია ულტიმატუმებს უყენებს ქვეყნის მთავარ პარტნიორს – აშშ-ს – რუსეთს კი არ უნდა რომ აწყენინოს.
„არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ, რომ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამით სიტუაციის არევა სურს. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და “ოცნებას” კანონის გატანის საშუალება არ უნდა მისცეს.
“რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.
ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.
არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც “ოცნებასთან” ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ნანა მალახშია რუსული კანონის უკან შემობრუნებას სოციალური ქსელით ეხმაურება:
“ან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის! ეს ქვეყანა ჩვენია და არა უსამშობლოების ! გავიმარჯვებთ” – წერს ნანა მალაშხია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა.
ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი და რეჟიმის შესაცვლელად, არჩევნებზე საზოგადოების მობილიზება უნდა იყოს.
“სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში, შეუძლებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს ევროპულ, დასავლურ მომავალს და ამაზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია, ამ რეჟიმის შესაცვლელად”- ამბობს ბოკერია.

ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების დავალება ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა კრემლიდან მიიღო, რათა ახალ მიზანს – ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებას შეეშალოს ხელი.
ხაზარაძის თქმით, კანონის მიღება ქართულ ოცნებას სჭირდება თავისუფალი აზრისა და არჩევნების გასაკონტროლებლად. ის ივანიშვილს მიმართავს, გამოვიდეს და უთხრას საზოგადოებას, თუ საიდან ფინანსდება ქართული ოცნება.
ხაზარაძე ოცნებას მიმართავს და ამბობს, რომ “მორიგი ტრიუკი” არ გაუვათ და საქართველოს რუსეთში “არ გაატანენ”.
“ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. ეს დავალება მიიღო პირდაპირ კრემლიდან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში. მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ გამოვიდეს როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე მმართველი პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, თუ საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის, ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე.
ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ ეს კანონი ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.
მინდა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან, ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნით. მთელი შენი ტრიუკები არის მოძველებული და ჭაობისკენ მიმავალი. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, ინტერესს, დაცალე ეს ქვეყანა, გააჩერე ეს ქვეყანა, უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ გინდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რომ შენ იყო უსაფრთხოდ და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული, ქართველი ხალხის ხარჯზე. ამიტომ ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ქართული ღირსება, მემკვიდრეობა, ტრადიცია და ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანას გააჩნია”, – თქვა ხაზარაძემ.

პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნება ეღობება ისტორიულ მიზანს – საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
გვარამიას თქმით, ოცნების განცხადება, რომ კანონპროექტს დაჩქარებული წესით არ მიიღებენ “ხაფანგია”. ის ამბობს, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას ივნისში გეგმავს, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა მისივე თქმით, ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად.
გვარამია საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, “ნუ ენდობიან ქართულ ოცნებას”, რადგან მისივე თქმით, “ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან და ნებისმიერ შემთხვევაში, ის თავისუფლების მტერია”.
“ქართული ოცნება არ აძლევს ამ ქვეყანას პოზიტიურ განწყობაზე ყოფნის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი ამოცანა. იმისთვის, რომ ბედნიერება ვიპოვოთ ამ ქვეყანაში, ქართული ოცნება აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა – ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია ახალი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში. დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად.
მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე, შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ქვეყანაში, ნებისმიერ ადგილას, სადაც შეგვიძლია. მივმართავ საზოგადოებას, ამ ადამიანების სიტყვას აქვს ჩალის ფასი. ნუ ენდობით მათ ნურც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ოლიგარქია, ტირანია, მხოლოდ დროებით იხევს უკან და ნებისმიერ შემთხვევაში, ის არის თავისუფლების მტერი. მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს ქვეყანაში”, – განაცხადა გვარამიამ.

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, “ოცნების” გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს რუსული კანონი, Twitter-ზე ეხმაურება:
“პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება ქართულ ოცნებაში. იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება” – წერს პავილიონისი.

რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ეხმაურება:
“როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები არ არის მოლაპარაკების საგანი.” წერს ევროპარლამენტარი.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფის, „განაახლე ევროპა“, წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელახალი ინიციატივა, მიიღოს „აგენტების კანონი“, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლება შეიძლება გახდეს.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [„ქართული ოცნების“ ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა“, – წერს ევროპარლამენტარი რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში.
„არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში“, – აცხადებს იგი.
მანამდე აუსტრევიჩუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ, „როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ევრაზიული ტირანიისკენ იხრება“ და თქვა, რომ „დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საკითხი არ შეიძლება იყოს“.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ოცნების” გადაწყვეტილებაზე რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე, “მთავარ არხთან” აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს. კუბილიუსის თქმით, ბრიუსელიდან უარყოფითი რეაქციაა მოსალოდნელი:
“ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ . გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით . ეს არის სიძულვილის ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ ” – ამბობს კუბილიუსი

მსგავსი პოსტები

Back to top button