მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ აკრძალვებს აწესებს”

სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული აკრძალვების ფონზე, საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი სექტორის ინტერესები არ არის დაკმაყოფილებული.

“აუცილებელია, მოქალაქეები დროულად და მკაფიოდ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა მათგან საჭირო, რათა განაახლონ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ჟორჟოლიანის თქმით, მას არაერთი მოქალაქე მიმართავს, რომელმაც სახელმწიფო უწყებებისგან პასუხი ვერ მიიღო, რაც ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს შესაძლებლობას, შეასრულოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობები.

“სახელმწიფომ თუ არ შეასრულა ეს პასუხისმგებლობები, ის დაკარგავს ლეგიტიმაციას, დააწესოს და აღასრულოს სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც გამიზნულია ეპიდომოლოგიური მდგომარეობის სამართავად. ეს სამართლიანად გამოიწვევს მოქალაქეების უკმაყოფილების კიდევ უფრო მეტად ზრდას. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ აკრძალვებს აწესებს. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი სახელმწიფო.” – განმარტავს ჟორჟოლიანი.

დღესვე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა “ევროპულმა საქართველომ”, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანგებოს გაგრძელების აუცილებლობა არ დგას.

“ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება, ეტაპობრივად, მაგრამ სწრაფად მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც დღეს უკვე გაუმართლებელია და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს”. – ამბობს კაპანაძე.

ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაა მისაღები, რომლითაც საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ერთი თვითაც რომ გახანგრძლივდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მოესწრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button