“ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“, 2020 წლის პულიცერის პრემია გაზეთმა New York Times–მა მიიღო.
პულიცერის პრემიის კოლეგია აღნიშნავს, რომ წამყვანი ამერიკული გაზეთი ჯილდოს შთამბეჭდავი ისტორიების ნაკრებისთვის იღებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მტაცებლობას ამხელდა და ავტორებისთვის დიდ რისკს შეიცავდა.
2020 წლის პრემია რვა სტატიას და ვიდეოს ერგო: სტატიას მოსკოვიდან შეკვეთილი თავდასხმის შესახებ უკრაინელ ჩინოვნიკზე როვნოში, სტატიას ბიზნესმენ ემელიან გებრევის ბულგარეთში მოწამვლის შესახებ, სტატიას რუსულ ინტერესებზე ლიბიის კონფლიქტსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მასალას სირიაში რუსეთის ავიაციის მიერ საავადმყოფოებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ.
პულიცერის პრემია აშშ–ში გაზეთებში, ჟურნალებში და ვებგვერდებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის გაიცემა. პარალელურად, მეორე კოლეგია ჯილდოებს გასცემს სფეროებში, რომლებიც ჟურნალისტიკას არ უკავშირდება, ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა: მხატვრული ლიტერატურა, აშშ–ს ისტორია, ბიოგრაფიები, ავტობიოგრაფიები და მემუარები, პოეზია, მუსიკა და დრამატურგია. ნომინაციების ბოლო ვადა ყოველი წლის 25 იანვარია. ამიტომ, პანდემიამ ჟურნალისტების პუბლიკაციებში ასახვა ვერ მოასწრო.
New York Times, როგორც აშშ–ში ყველაზე ავტორიტეტული, პრესტიჟული და ძლიერი ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა, პრაქტიკულად, ყოველ წელს იღებს პულიცერის პრემიას. საერთაშორისო ჟურნალისტიკის გარდა, წელს მას ერგო ჯილდოები საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვისაც, თემაზე, რომელიც ნიუ იორკელი ტაქსისტებისთვის კრედიტების კაბალურ პირობებს ასახავდა. ნიკოლ ჰანა ჯონსმა კი, პრიზი აიღო ნომინაციაში “პუბლიცისტიკა”, პროექტისვის “1619“. პროექტმა ჩრდილოეთ ამერიკაში მონობის ინსტიტუტის 400 წლიანი ისტორიის შესახებ, ბევრი კონსერვატორი აღაშფოთა.
გამოცემის მიერ რუსეთის შესახებ მოზადებულ პუბლიკაციებს არაერთხელ აუღია პულიცერის პრემია.
2017 წელს New York Times–მა ჯილდო მიიღო მასალებისთვის, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ასახავდა.