“არასანდო კვლევებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უნდა დაინტერესდეს” – რამაზ სამხარაძე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა ქარტიის მესამე პრინციპი დაარღვია, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ ხელმძღვანელი რამაზ სამხარაძე გამოეხმაურა. სამხარაძე ამბობს, რომ არასანდო კვლევების გამო პატიოსნად მომუშავე კომპანიები ზარალდებიან. სამხარაძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, დაინტერესდეს თემით და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
“პალიტრამ კვლევა გამოაქვეყნა და არ აღნიშნა, რომ ეს კვლევა საკუთარმა ჰოლდინგმა ჩაატარა. როგორ შეიძლება ვენდოთ ასეთი სახის კვლევებს? ამაზე მაქვს საუბარი…. უამრავი რადიოკომპანია ატარებს “თვით კვლევებს”, სადაც ყველა ლიდერია…საბოლოო ჯამში კი პატიოსნად მომუშავე კომპანიები ვზარალდებით.. ცხადია ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მაგალითი. ასეთი სახის კვლევები სერიოზული პრობლემაა რადიობაზარზე. გვიწევს მთელი რიგი ძალისხმევა ბიზნესსექტორთან, რომ აღნიშნული კვლევები არ არის სანდო. არასანდო კვლევებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უნდა დაინტერესდეს”, – განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა ანა მარშანიამ ქარტიის მესამე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
მის წინააღმდეგ განცხადება ქარტიის საბჭოში სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთმა” შეიტანა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს “ინტერპრესნიუსმა” არაზუსტი ინფორმაცია გამოაქვეყნა და მიჩმქალა ფაქტები. სადავო მასალაში სააგენტო ორგანიზაცია „აი-პი-არ“ ანალიტიკალ ცენტრის“ კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ.
განმცხადებელი რადიო “ჰერეთი” კი აღნიშნავს, რომ ასეთი კვლევითი კომპანია არ არსებობს, არ იძებნება არცერთი საძიებო სისტემით, არ აქვს ვებ-გვერდი და სხვა მისამართები.
როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს უპასუხეს. მსჯელობის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო ქარტიის მესამე, მიჩქმალვის პრინციპი.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ქარტიის საბჭოს ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.