კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

არასრულწლოვანზე სქესობრივ კავშირში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას პროკურატურა ასაჩივრებს

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში მყოფი პირისათვის გირაოს შეფარდების თაობაზე, საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ასეთი კატეგორიის საქმეებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას არ შეესაბამება.

” პროკურატურამ საქმეზე ორი პირი დააკავა და ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვანის ძმას, რომელსაც დაზე ძალადობა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანთან სექსობრივ კავშირში მყოფი პირის მიმართ კი, 15 000 ლარიანი გირაო გამოიყენა.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, გაასაჩივრა”- განმარტავენ პროკურატურაში.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სასამართლოს აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ექსპერტიზის დასკვნის არარსებობამ გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეში, ჯერჯერობით არ დევს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ბრალდებული მამაკაცის არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს დაადასტურებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი, სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მას, გოგონას ასაკის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ჰქონდა და ის, 17 წლის ეგონა.

არასრულწლოვანისა და მასთან სავარაუდო კავშირში მყოფი მამაკაცის ოჯახები, მედიასთან კონტაქტზე კვლავ უარს ამბობენ. თავად არასრულწლოვანი, ამჟამად, ერთ- ერთ თავშესაფარში იმყოფება.
შეგახსენებთ, არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძალადობაში ბრალდებულ პირს, 3 წლამდე, ხოლო 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, ბრალდებულს, 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button