მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

არჩევნების გადავადების შესაძლებლობა

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნების გადადებას არ გამორიცხავს.

“თუკი 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე, სასწორზე დგას ორი რამ: ერთია ეპიდემიის გავრცელება, საუბარია იმაზეც, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. მეორე არის არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია, პასუხი არის შემდეგი: თუ აუციელებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და აქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები. ეს შეიძლება იყოს დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, მე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება.”

ირაკლი კობახიძემ ასევე, განმარტა, რომ როგორი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელიც არ უნდა იყოს ოქტომბრისთვის, საარჩევნოდ გარკვეული უსაფრთხოების წესები მაინც უნდა დადგინდეს.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ახლა არჩევნების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით საუბრები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია და ეს ქვეყნის შიდა დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება.

“ქართული ოცნება” არის შესული ძალიან მძიმე ვითარებაში. მათ არჩევნებში ემუქრებათ გარდაუვალი პოლიტიკური მარცხი. მიუხედავად იმისა, ეს არჩევნები როდის ჩატარდება, ხვალ, ოქტომბერში თუ დეკემბერში. მაგრამ რა თქმა უნდა, ამის მიუხედავად არავინ აპირებს, რომ “ქართულ ოცნებას” მისცეს შესაძლებლობა, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. დაარღვიოს ჩვენი მოქალაქეების უფლება, რომ პერიოდული არჩევნების გზით შეცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის გზით ვაპირებთ ძალიან აქტიურად გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა.” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მოისმინეთ სალომე სამადაშვილის ხმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნების გადადების შესახებ ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.

“ჯანმრთელობით როდესაც სპეკულირებს პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში. დღევანდელი მდგომარეობით არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს არანაირი პრობლემა არ ექნება.

“გახარია ახლა იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმი. მე როგორც ვხედავ, სპეციალურად აჭიანურებენ ამ პროცესს, რომ მათ ჰქონდეთ გეგმა “ბე”. თუ ოქტომბრის ბოლოს მათ ექნებათ მძიმე რეიტინგები, ისინი შეეცდებიან გადაიტანონ ოქტომბრის ბოლოსკენ. ეს არის ცეცხლთან თამაში.” – აღნიშნა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

მოისმინეთ გიორგი კანდელაკის და გიორგი ვაშაძის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button