მნიშვნელოვანისიახლეები

“არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს”-მმართველი გუნდის მწვავე შეფასებები დაჯილდოვებას

ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ნორვეგიაში, მიხეილ სააკაშვილის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის დაჯილდოვებას, სამარცხვინოს უწოდებს.

წულუკიანი ექპსრეზიდენტს კრიმინალს და სადისტს უწოდებს და ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა ხშირად სიცრუეს სიმართლედ ასაღებენ:

“კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნათელი მაგალითია, როგორ ხდება დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, პოლარიზაციის ხელოვნურად კვება და მთავარი პრინციპების შეწირვა კონკრეტული მოკლევადიანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „თვალსა და ხელს შუა ხდება შავის თეთრად წარმოჩენა“.

„მერე უკვირთ, როცა მოსახლეობაში არსებობს კითხვა, რატომ იქცევიან ასე გარკვეული პოლიტიკური აქტორები დასავლეთში, რომლებიც ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე, ობიექტურობაზე, ინფორმირებულობასა და ფასეულობებზე დაყრდნობით უნდა ვიღებდეთ. ამ დროს თვალსა და ხელს შუა ხდება შავის თეთრად წარმოჩენა. მოსახლეობა ამას ხედავს და ეს ყველაფერი აზიანებს იმას, რისკენაც ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფვის. ასეთი რეზოლუციები, კერძო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები გენერალურ ხაზს ვერ შეცვლის, თუმცა მოსახლეობას იმის საშუალებას აძლევს, რომ უფრო ობიექტურად და ნათლად აფასებდეს პოლიტიკურ პროცესებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.

მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი 25 მარტს გადაეცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button