მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პატიმატრი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილმა ანდერს ბრეივიკს შეადარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომელმაც ათეულობით ადამიანი მოკლა და დაჭრა. პარალელი პრემიერმა მაშინ გაავლო, როცა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აფასებდა სააკაშვილისთვის ნორვეგიაში მემარჯვენეთა დემოკრატიის პრიზის მინიჭებას.
25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა, სწორედ ამას გამოეხმაურა დღეს ღარიბაშვილი და თქვა, რომ ეს იგივეა, სხვა ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოვოს.

“ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?!. ეს ხომ წარმოუდგენელია?!.

არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა… ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე… ჩემთვის იგივეა…” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ეხებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიაში მემარჯვენეთა დემოკრატიის პრიზის მინიჭებას.

ელჩმა ღარიბაშვილის განცხადების შესახებ შეკითხვას უპასუხა. „ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია”, – ჰელენე სანდ ანდრესენის პასუხი „მთავარმა არხმა” გაავრცელა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზეა გასამართლებული და სამ საქმეზე კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს, ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.

ბრეივიკი არის ნორვეგიელი ტერორისტი. ის 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელია. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button