პუტინი ფიქრობს რომ უკრაინას დაამარცხებს

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავაც მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულ გამარჯვებას მიაღწევს.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინამ და დასავლეთმა პუტინი ვერ დაარწმუნეს, რომ არასტანდარტული, ან კომპრომისული გადაწყვეტილების შესაძლებლობა უნდა განიხილოს.
როგორც ISW აღნიშნავს, ამის ნაცვლად პუტინი ისევ კონცენტრირებულია ხანგრძლივი კონფლიქტის გზით თავდაპირველი მიზნების მიღწევაზე და გამარჯვებაზე, უკრაინისთვის საკუთარი ნების ძალით თავზე მოხვევით, ან უკრაინელების ნების გატეხვით მას შემდეგ, რაც ამოიწურება დასავლეთის მხარდაჭერა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოსალოდნელ კონტრშეტევაზეც, რომლის დაწყების დრო ჯერჯერობით გაურკვეველია.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის არმიამ რუსეთის ძალებს უნდა მიაყენოს იმ მასშტაბის ზიანი, რომ პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვიხ ცხადი გახდეს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ მოქალაქეები გონებრივად შორს არ უნდა იყვნენ ომისგან, თუმცა, უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით, ნამდვილი ბრძოლა ბევრი მოქალაქისთვის გეოგრაფიულად ძალიან შორს მიმდინარეობს.
„ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია სიმართლის გავრცელება აგრესიის შესახებ. ვისაც შეუძლია, შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელებზე, რომლებმაც გაიარეს ოკუპაცია, დანაკარგები. რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის როგორც ჩვენი ხალხისთვის, ასევე ყველა ერისთვის, რომელსაც ემუქრება რუსული ტირანია. უნდა გავიგოთ, რომ ომის დასრულება წელს, უკრაინის რუსული ბოროტებისგან წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.