რუსეთის ბირთულ იარაღთან დაკავშირებით ევროპა შეშფეთებულია

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის რეაქცია ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს. პრეზიდენტმა ყველაფერი ახსნა თავის განცხადებებში, დასამატებელი არაფერია”, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის გადატანის ნიშნებს ვერ ხედავენ.
მისი თქმით, რუსეთის რიტორიკიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის საკითხს მუდმივად თვალს ადევნებს.
“არ მინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მან შეასრულა ეს დაპირება და სადმე გადაიტანა, რაიმე ბირთვული იარაღი. სინამდვილეში არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რომ ის აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე. ცხადია, შეერთებული შტატები ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბირთვული ომი დაუშვებელია, რომ ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს და რომ ეს მნიშვნელოვანი ხაზის გადაკვეთა იქნება. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ ყოველდღე ვადევნებთ თვალს ამ საკითხს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც მოსკოვიდან ომის დაწყების დღიდან გვესმის, მაგრამ არ გვინახავს არაფერი, რაც გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი სტრატეგიული შეკავების პოზიცია.” – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ერთი სამხედრო ოლქი გახდა.
“რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში ადასტურებს, რომ ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ერთი სამხედრო ოლქი გახდა. ევროკავშირმა და G7-მა რუსეთისა და ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მეტი სანქციები უნდა გამოიყენონ”, – თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის სპიკერი საგარეო საკითხებში, პიტერ სტანო აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
“ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას მოვლენების განვითარებასთან ერთად… პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადებები გვერდზე გადავდოთ და ასევე მოვისმინოთ, თუ რას იტყვის ბელარუსული მხარე, ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც უკვე ამ ბარბაროსული უკანონო აგრესიის თანამონაწილეა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ესკალაციას, საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და არ დარჩება შეუმჩნეველი [ევროკავშირის] წევრი ქვეყნებისთვის”, – თქვა ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საკითხებში.
რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ევროკავშირი ბელარუსს დამატებითი სანქციებით ემუქრება.
“ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით,” – დაწერა “ტვიტერზე” ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
კრემლის პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რასია 24-თან ინტერვიუში გააკეთა.
“3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი.
პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.
“ჩვენ არ გადავცემთ და შეერთებული შტატებიც არ გადასცემს [ბირთვულ იარაღს] თავის მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ. მათ ჰყავთ მოკავშირეები გარკვეულ ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც იმავეს ვაპირებთ. სწორედ ამას ითხოვდა ალექსანდრ გრიგორიევიჩი [ლუკაშენკო]“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს განათავსებდა. მის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ დასავლეთში.
სამშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ ლონდონი, Challenger 2-ის ტანკების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს.