რეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთის მცხოვრებლებს სახლიდან გასვლა აეკრძალათ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვები შემოიღეს.

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ 11 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე იკრძალება ქუჩებში, სანაპიროზე, მოედნებზე, პარკებში და სკვერებში ყოფნა. აკრძალვა არ მოქმედებს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. ეს გულისხმობს სურსათის შეძენის, ნარჩენების გადაყრის თუ სამედიცინო დახმარების მიზნით გამოსვლას. ასევე იკრძალება ორი პირის ერთდროულად გადაადგილება გარდა იმ შეთხვევისა, თუ გადაადგილებისას, ერთ-ერთი მათგანი არ საჭიროებს მეორის დახმარებას.

ახალი შეზღუდვა არ მოქმედებს სამართალდამცავი, სამედიცინო, სოციალური, სამაშველო და საბანკო სისტემის წარმომადგენლებზე, მოხალისეებსა და იმ მეწარმეებზე, რომელთა საქმიანობა ნებადართულია.

აკრძალვის პირველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 3 ათასი რუბლის ჯარიმა.

ამასთან, განსხვავებულია ჯარიმის ოდენობა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის. ასეთ შემთხვევაში პირს 5 ათასი რუბლის გადახდა მოუწევს.

პირი, რომლეზეც კორონავირუსის საეჭვო ნიშნების გამო ზედამხედველობა ხორციელდება, ამ რეჟიმის დრღვევისთვის, დაჯარიმდება 10 ათასი რუბლით.

მასმედიით, ან სოციალური ქსელებით წინასწარ გამიზნული არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შესაძლოა რისკის წინაშე დააყენოს ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, მოქალაქეები 15 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან, თანამდებობის პირები – 30 ათასით და იურიდიული პირები – 50 ათასით.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, 9 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში დადასტურებულია COVID-19-ის 2 შემთხვევა.

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებას მისივე ადმინისტრაცია ვებ-გვერდზე ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 28 მარტს აფხაზეთში “საგანგებო მდგომარეობა” გამოცხადდა.

აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი, გაცილებით ადრე, 14 მარტს შეწყდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button