აშშ-ის კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს კიდევ ერთი თანაინიციატორი დაემატა

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული.
კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) ავტორობით წარდგენილ კანონპროექტს კიდევ ერთი თანასპონსორი, კონგრესმენი ტომ სუოზი (დემოკრატიული პარტია) შეემატა, რითაც თანასპონსორების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სუოზის გარდა, თანასპონსორები ასევე არიან: რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი, და დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” კონგრესში ოფიციალურად 10 იანვარს დარეგისტრირდა.
ინფორმაციას ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ Facebook-ზე ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში იანვარში დარეგისტრირდა – წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც მასზე ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენთან, სტივ კოენთან ერთად მუშაობდა.
ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აშშ-ის ხელისუფლებას უკრძალავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას, “რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მარიონეტი”.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება “ქართული ოცნების” მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.
ავტორებს პრეცედენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ. მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა.
კონგრესმენ კო უილსონის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს, “MEGOBARI აქტს”, რომელიც სანქციებსაც ითვალისწინებს, უკვე 18 თანასპონსორი ჰყავს (10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი). ასევე, “MEGOBARI აქტი” კონგრესის ზედა პალატაში – სენატშიც იქნა წარდგენილი რესპუბლიკელი ჯიმ რიშისა და დემოკრატი ჯინ შაჰინის მიერ.