აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე მორიგი სასამართლო4 დეკემბერს ჩაინიშნა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს ჩაინიშნა. მოსმენა ნიუ იორკში გაიმართება.
თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც მანჰეტენის სასამართლოში დღეს ბრალი 34 მუხლით წარუდგინეს, ნიუ იორკი დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა.
ტრამპი ბრალს არ აღიარებს და ფლორიდაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
მანჰეტენის ოლქის პროკურატურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში სდებს ბრალს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.
კერძოდ, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 2016 წლის არჩევნების წინ ტრამპის იურისტმა, მაიკლ კოენმა 130 000 დოლარი გადაუხადა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს, რათა ამ უკანასკნელს არ ესაუბრა მისი და ტრამპის წარსულ სექსუალურ ურთიერთობაზე. პროკურატურის მტკიცებით, ტრამპმა აღნიშნული თანხა კოენს დაუბრუნა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა, თუმცა, პროკურორის თქმით, ეს ტყუილი იყო.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „სიენენთან“ საუბრისას ტრამპის მიმართ ბრალდებები განიხილა.
„ეს საქმე იმაზე სუსტია, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
მისი თქმით, ის სავსებით ეთანხმება რესპუბლიკელი სენატორის, მით რომნის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მანჰეტენის საოლქო პროკურორმა პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო კანონი.
„ვეთანხმები სენატორ მით რომნის განცხადებას. როდესაც გავიგე დონალდ ტრამპის დაჭერის კამპანიის შესახებ, გამახსენდა ლავრენტი ბერია, რომელიც საბჭოთა კავშირში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. ერთხელ მან სტალინს უთხრა: „შენ ადამიანი მაჩვენე, დანაშაულს მე გაჩვენებ“. მე, იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი კანდიდატად იყოს დასახელებული, ვფიქრობ, ეს ტრამპის ნარატივზე კარგად მუშაობს და ამან შეიძლება უპასუხოს ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო შეკითხვას: ვინ იყო დონალდ ტრამპის პოლიტიკური მხარდამჭერი? ელვინ ბრეგი“, – აცხადებს ჯონ ბოლტონი.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლომ გაათავისუფლა, ის ახლა ფლორიდაში იმყოფება. მანამდე შტატების 45-ე პრეზიდენტს თითის ანაბეჭდები აუღეს და 34 პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს, რომელსაც თავად ტრამპი არ აღიარებს. ტრამპი სასამართლოში მისვლისთანავე დააკავეს. ბრალის წაყენებამდე ის ფორმალურად დააპატიმრეს.
დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ის ექს-პრეზიდენტის სტატუსით, სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოძიების ეპიზოდი ეხება 2016 წელს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდას, რის სანაცვლოდაც მას, სავარაუდოდ, არ უნდა გაემხილა, რომ 2006 წელს ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის საქმის მთავარ ფიგურანტს, სტორმი დენიელსს ტრამპის სასარგებლოდ 122 000 დოლარის გადახდა დაავალა.
“ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს. ეს ყალბი საქმე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით აღძრეს და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ჩვენი არჩევნები დაემსგავსა მესამე მსოფლიოს ქვეყნების არჩევნებს და ახლა ადგილი აქვს მასშტაბურ ჩარევას არჩევნებში, რაც არავის უნახავს და ამ დრომდე არ მომხდარა ამ ქვეყანაში,”- განაცხადა ტრამპმა.
მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრეგიმ განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს. ვერც ფული და ვერც ძალაუფლება მუდმივ ამერიკულ პრინციპს ვერ შეცვლის, როცა 34 ყალბი განცხადება გაკეთდა დანაშაულებების გადასაფარად. ეს დანაშაულია ნიუ-იორკში, ამ დროს კი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ ხარ შენ. ჩვენ არ შეგვიძლია და არ მოვახდენთ სერიოზული დანაშაულებრივი ქცევის ნორმალიზებას,” – განაცხადა პროკურორმა.