მნიშვნელოვანისიახლეები

აშშ-ის საელჩო 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მხრიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებს განცხადებით ეხმიანება

საქართველოში აშშ-ის საელჩო 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მხრიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებს განცხადებით ეხმიანება

საელჩოს თქმით, მათ ახსოვთ როგორ დაიწყო ყველაფერი და არ დაივიწყებენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს და მის შედეგად დევნილად ქცეულ ათასობით ადამიანს.
საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს გვერდით იდგება და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის შეკავებასა და მშვიდობისთვის მუშაობას.

“გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი.

გვახსოვს დღევანდელი დღე.

გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა.

არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს.

არ დავივიწყებთ მსხვერპლს.

ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას.

ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button