მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის ჩაგდებას გამოეხმაურა

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის მრავალპარტიულ მხარდაჭერას, ამერიკის საელჩო გამოეხმაურა.

“პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია – სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა”, – წერია განცხადებაში.

საელჩოს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ცვლილების ჩაგდებით კიდევ ერთხელ გატეხა დადებული პირობა, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.

“ქართული ოცნების უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად.
ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1-ლი მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.

პარლამენტმა 126 ხმით პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად:
მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button