მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა “ჰუსიტების” 18 ობიექტს დაარტყეს

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში, “ჰუსიტების” 18 ობიექტზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

აშშ აცხადებს, რომ დარტყმები მიმართული იყო საწყობების, თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარებისა და სათვალთვალო ვერტმფრენის წინააღმდეგ.
ერთობლივ განცხადებაში პენტაგონმა თქვა, რომ „აუცილებელი და პროპორციული დარტყმები კონკრეტულად მიზნად ისახავდა „ჰუსიტების“ 18 სამიზნეს რვა ადგილას, რომლებიც დაკავშირებულია „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის საწყობებთან, რაკეტების შესანახ ობიექტებთან, უპილოტო საჰაერო სისტემებთან, საჰაერო თავდაცვის სისტემებთან, რადარებთან და ვერტმფრენთან“.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ „არ დააყოვნებს საჭიროებისამებრ მიიღოს ზომები, რათა დაიცვას სიცოცხლე და თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოში”.
მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში “ჰუსიტების” წინააღმდეგ იერიშების მეოთხე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები ღაზაში ომის დაწყების შემდეგ თავს ესხმიან სავაჭრო ხომალდებს წითელ ზღვაში, რაც დასავლეთში ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის.

ჰუთები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ამბობენ, რომ თავდასხმები მანამ არ შეწყდება, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ომს ღაზაში.

ჰუთები აცხადებენ, რომ შაბათს მათს ობიექტებზე თავდასხმა იყო „საცოდავი მცდელობა, იემენს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერაში ხელი შეუშალონ“.
დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.
ჰუთები აგრძელებენ წითელ ზღვაში, კომერციულთან ერთად, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს – უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით.

აჯანყებული ჰუთები აშშ-ისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ აქციაზე, თავიანთ კონტროლირებად დედაქალაქში, სანაში.
შეერთებულმა შტატებმა 23 იანვარს სანქციები დაუწესეს ჰუთების, იგივე „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

ჰუთები აკონტროლებენ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას.

წითელი ზღვა მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელიც აზიას აკავშირებს ევროპასთან, მათ შორის, საქართველოსთან.

შეგახსენებთ, რომ აშშ და მისი პარტნიორებმა წითელ ზღვაში გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო, სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ. იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და “ჰამასს” შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა.
აშშ იერიშებს მას შემდეგ ახორციელებს, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გასცემდა “მრავალსაფეხურიან” პასუხს იმ უპილოტო თავდასხმაზე, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button