მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს

ომის მესამე წელი უკრაინაში დაიწყო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 25 თებერვლის ღამეს, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ე.წ. შაჰიდის დრონები პრიმორსკიდან იყო გამოშვებული.

„25 თებერვლის ღამეს მოწინააღმდეგემ თავდასხმა Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ჩაუდას კონცხის ტერიტორიიდან განახორციელა“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, ნიკოლაევის რეგიონზე თავდასხმისას დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ხუთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ასევე საჰაერო თავდასხმის შედეგად ხმელნიცკის რეგიონში დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი.

მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა და საჰაერო ძალების ავიაციამ ერთობლივი მოქმედების შედეგად პოლტავას, კიევის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 16 დრონი გაანადგურეს.

შეგახსენებთ 2022 წლის 24 თებერვალი, დილის 04:00 საათი – უკრაინელები სამხედრო განგაშისა და აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ზუსტად 730 დღის წინ, ქვეყანა ახალ რეალობაში აღმოჩნდა.

სამხედრო ოპერაციის სახელით კრემლმა სარაკეტო იერიშები უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქზე ერთდროულად დაიწყო. საჰაერო თავდასხმის პარალელურად, პუტინმა სახმელეთო შეტევის განკარგულებაც გასცა.

უკრაინა, იძულებით, ომში ერთვება და წინააღმდეგობის გაწევას იწყებს. მტერს შიშველი ხელებით ებრძვიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

უკრაინელები დევნილებად საკუთარ ქვეყანაში იქცნენ. საცხოვრებლის დატოვება მილიონობით ადამიანს მოუწია.

რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებსაც არ ინდობენ. წამება სხვადასხვა მეთოდით იმ უკრაინელების ყოველდღიურ რეალობად იქცა, ვინც ოკუპანტებმა ალყაში მოაქციეს. აგრესორები ცხედრებს წვავდნენ ან ორმოებში ყრიდნენ. კრემლის სისასტიკემ ათასობით ზრდასრულისა და ასობით ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რუსეთმა სასაკლაოდ აქცია ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი და ათობით სხვა ქალაქი. პუტინის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ბომბებით კვდებოდნენ ისინიც, ვინც თავს საავადმყოფოებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა თუ ტაძრებს აფარებდნენ.

რუსულ აგრესიას უკრაინელები მედგრად დაუდგნენ. ამავდროულად, ტერიტორიული მთლიანობის მოსაპოვებლად თუ მშვიდობის დასამყარებლად, იწყება უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევის პროცესი.

მალევე, მტრის მიტაცებული ტერიტორიების ნაწილის უკან დაბრუნების პროცესი დაიწყო. უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა, რასაც ქვეყნის მიწების უდიდესი ნაწილის გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა. მათ ეს ვერ შეძლეს.

ამ პროცესებს მოჰყვა კახოვკის ჰესის აფეთქება. დაიტბორა ათასობით სახლი. ევაკუირებულია 2500-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

ამ მოვლენებიდან მალევე, კრემლის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა. რუსეთმა ის მოიგერია, თუმცა დრონის ჩამოგდებას არაერთი სხვა საჰაერო შეტევა მოჰყვა.

უკრაინაში შეჭრიდან 386 დღის გასვლის შემდეგ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო- 2023 წლის 17 მარტს პუტინის დაკავების ორდერი გაიცა.

მალევე, პუტინის გადაწყვეტილებები მიუღებელი აღმოჩნდა სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლისთვის. ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის ლიდერს დარტყმა მიაყენა და, “ვაგნერის” მარშით, როსტოვსა და ვორონეჟზე სამხედრო კონტროლი დაამყარა. პრიგოჟინმა პუტინი “შეშლილ მოხუცად” გამოაცხადა და მისი შეცვლა დააანონსა. სიტუაციის შემობრუნება პუტინმა მაინც შეძლო – რამდენიმე დღეში “ვაგნერი” დაიშალა, ერთ თვის შემდეგ კი, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.

დღეის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 18% ოკუპირება შეძლო. ბოლო ქალაქი, რომელიც მტერმა აიღო – ავდიივკაა. ეს ის კრიტიკული მომენტი იყო, როცა უკრაინამ საბრძოლო სტრატეგია შეცვალა და თავდასხმიდან თავდაცვაზე გადავიდა.

ფრონტის ხაზზე, რომელიც 1000 კილომეტრამდეა გადაჭიმული, უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებისა და ომში გამარჯვებისთვის ყოველდღიურად იბრძვის.

დღეს მესამე წელი დაიწყო, რაც პუტინი, ძალისმიერი მეთოდებით, მსოფლიო რუკის შეცვლის მცდელობას არ წყვეტს. კრემლი ომის კანონებს არ ითვალისწინებს და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას აგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button