მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ–ში COVID19-ით შავკანიანები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე თეთრკანიანები

აფროამერიკელების პროცენტი კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შორის აშშ–ში არაპროპორციულად მაღალია და ბევრად აღემატება მათ წილს მთლიანად ქვეყნის მოსახლეობაში. ასეთია მონაცემები რამდენიმე ამერიკული შტატიდან.

COVID-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რასობრივი შემადგენლობის შესახებ სრული სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს. დაავადებათა კონტროლისა და ბრძოლის ფედერალური ცენტრები ჯერჯერობით მსგავს მონაცემებს არ აქვეყნებენ, არ გამოუქვეყნებიათ მონაცემები მთელი რიგი შტატების ხელისუფლებებს მრავალრიცხოვანი აფროამერიკული მოსახლეობით და დაავადებულთა დიდი რაოდენობით, მათ შორის, ნიუ იორკის, კალიფორნიის, ნიუ ჯერსის და ვაშინგტონის შტატებს.

თუმცა, ფაქტია, რომ ის ქალაქები, სადაც ბევრი აფროამერიკელი ცხოვრობს, მაგალითად დეტროიტი, მილუოკი, ახალი ორლეანი და ნიუ იორკი პანდემიის ეპიცენტრებად იქცნენ.

გარდა ამისა, მაგალითად ილიონოისის შტატის სტატისტიკის მიხედვით, ამ შტატის მეგაპოლისის, ჩიკაგოს მაგალითზე ჩანს, რომ ახალი კორონავირუსით შავკანიანი მოსახლეობა ბევრად მეტად ზარალდება. ჩიკაგოს მცხოვრებთა შორის შავკანიანი მოსახლეობა 30%–ს შეადგენს, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულებს შორის ნახევარი შავკანიანია. გარდაცვლილთა შორის კი, მათი წილი 70%–ს შეადგენს. ილინოისში მთლიანად შავკანიანი მოსახლეობა 15%–ს შეადგენს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის მათი წილი 28%-ს, გარდაცვლილთა შორის კი, 43%–ს აღწევს.

New York Times–ის ინფორმაციით, ანალოგიური სურათია ვისკონსინის, მიჩიგანის, ლუიზიანას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, მიჩიგანი მხოლოდ ნიო იორკის შტატს და ნიუ ჯერსის თუ ჩამორჩება. აფროამერიკელები მისი მოსახლეობის 14%–ს შეადგენენ. დაინფიცირებულთა შორის კი, აფროამერიკელები მესამედს, გარდაცვლილთა შორის კი, 40%–ს შეადგენენ.

Washington Post წერს, რომ ამ შტატში გარდაცვლილთა მეოთხედი დეტროიტზე მოდის, სადაც მოსახლეობის 79% აფროამერიკელია.

Washington Post–თან ინტერვიუში ჩიკაგოს ჯანდაცვის კომისარი, ელისონ არვადი აღნიშნავს, რომ ქალაქის შავკანიანი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9 წლით უფრო მცირეა, ვიდრე თეთრკანიანი ჩიკაგოელებისა.

მრავალრიცხოვანი კვლევა აჩვენებს, რომ ჩიკაგოს შავკანიან მოსახლეობაში დიაბეტით დაავადების შემთხვევები ორჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში, ფილტვების დაავადებისგან გარდაცვალების შემთხვევები კი, 20%–ით მაღალია.

ყოველ მეხუთე აფროამერიკელს ჩიკაგოში მომატებული სისხლის წნევა აქვს, რაც ჩიკაგოს თეთრკანიანი მოსახლეობის მაჩვენებელზე მეოთხედით მეტია.

ეს ყველაფერი რისკის ფაქტორებია, რომლებიც სტატისტიკურად კორელაციაშია კოვიდ19–ის დაავადების მძიმედ მიმდინარეობასთან.

BBC წერს, რომ ქრონიკული დაავადებების ხშირი შემთხვევები აფროამერიკულ თემში სიღარიბის შედეგია, რომელიც ათწლეულობის მანძილზე რასობრივმა დისკრიმინაციამ განაპირობა.

სიღარიბის გამო, ბევრ შავკანიანს არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების თანხის გადახდა. ამასთან, ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელი ექიმები ხშირად ყურადღებით არ ეკიდებიან შავკანიანი პაციენტების ჩივილებს.

“ამ თემის ცხოვრების პირობები, სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხვრელები, არათანაბარი წვდომა განათლებაზე და კარიერულ შესაძლებლობებზე, და ბოლოს, სისტემური, ინსტიტუციონალური რასიზმი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე უთანასწორობას იწვევდა, COVID19-თან დაკავშირებულ სიტუაციაზე აისახა“– ციტირებს ელისონ არვადს გამოცემა Washington Post.

აფროამერიკელები არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების გამო არიან უფრო მოწყვლადები, არამედ უფრო მეტი შანსი აქვთ კორონავირუსით დაავადდნენ, რადგან ბევრ მათგანს არ აქვს საშუალება, თვითიზოლაციას მიმართოს. ისინი მუშაობენ, მაგალითად, სასურსათო მაღაზიებში, საავადმყოფოებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ბევრს არ ჰყავს პირადი ავტოტრანსპორტი, რის გამოც, იძულებულნი არიან ავტობუსით ან მეტროთი იმგზავროან.

ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ სხვა დაბალსტატუსიანი რასობრივი ჯგუფები აშშ–ში ეპიდემიით არათანაზომადად ზარალდებიან, კერძოდ კი, ლათინოსები და ძირძველი ამერიკელები. ჩიკაგოს მერი, ლორი ლაითფუტი ეჭვობს, რომ ქალაქში მცხოვრებ ლათინოამერიკელთა შორის ბევრი გამოუვლენელი შემთხვევაა.

ლათინოამერიკელები ჩიკაგოს მოსახლეობის 29%–ს შეადგენენ, მაგრამ მათზე COVID-19-ის შემთხვევების მხოლოდ 14% მოდის. ასეთივე სიტუაციაა აზიური წარმოშობის ჩიკაგოელებში – ისინი ქალაქის მოსახლეობის 7%–ს შეადგენენ, თუმცა დაინფიცირებულებში მათი წლი 3.6%–ს შეადგენს – წერს Washington Post.

Los Angeles Times სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, რომ ლათინოამერიკელებს შორის ბევრად უფრო მაღალია სიმსუქნის და დიაბეტის მაჩვენებელი, ვიდრე თეთრკანიან მოსახლეობაში. ძირძველ ამერიკელებს შორის კი, – დიაბეტის და გულ სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები, რაც ასევე, კორონავირუსით დაინფიცირებისას, გართულებების რისკს ზრდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button