მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ამერიკელი ხალხი მომავალ პრეზიდენტად მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჯო ბაიდენს აირჩევს.

BBC-ის ინფორმაციით, 97-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც კი დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ამ ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

აღსანიშნავია, რომ Reuters/Ipsos-ის მიერ 27-29 ოქტომბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, დონალდ ტრამპს კი – 43% უჭერს.

სხვადასხვა შტატში საარჩევნო უბნები სხვადასხვა დროს დაიხურება. მაგალითად, ჯორჯიაში არჩევნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:00 საათზე), ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში – ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, ფლორიდასა და პენსილვანიაში – 20:00 საათზე, არიზონაში, ვისკონსინსა და მიჩიგანში კი 21:00 საათზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button