მსოფლიოსიახლეები

აშშ-ში მოქმედი პოლიციის გაუქმებას მოითხოვენ

“ჩვენი პოლიციის დაშლა, დაფინანსების შეწყვეტა და დათხოვნა არ მოხდება. ჩვენი პოლიცია სიმშვიდეში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს.” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართალდამცავებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ზოგჯერ იმის მსგავს საშინელებებს იხილავთ, რისი მოწმეებიც ახლახანს გავხდით, მაგრამ მათი 99% დიდებული ხალხია და მათ მიერ შესრულებული სამუშაო შეუდარებელია.” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, პოლიციის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენის შემთხვევებმა იკლო.

„ქვეყანაში დანაშაულის ჩადენის შემთხვევებმა იკლო. დანაშაულის სტატისტიკის თვალსაზრისით, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო რიცხვები გვაქვს. ეს იმიტომ, რომ დიდებული სამართალდამცავები გვყავს. ვამაყობ მათით.” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისათვის, პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა. ქალაქ მინეაპოლისის საკრებულოს ცამეტი წევრიდან, ცხრამ ქალაქის არსებული პოლიციის დეპარტამენტის გაუქმებას და მის ნაცვლად, სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი მოდელის შექმნას დაუჭირა მხარი.

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს, რომელსაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლომ გირაოს სახით 1,25 მილიონი აშშ დოლარი შეუფარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შოვინის გირაოს თანხის ოდენობა 1 მილიონიდან 1,25 მილიონ აშშ დოლარამდე უპირობოდ გაზარდეს, 750 000-დან 1 მილიონამდე კი, გარკვეული პირობებით, რომელიც მოიცავს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობისა და ფლოიდის ოჯახთან კონტაქტის აკრძალვას. ამავე პირობების თანახმად, შოვინმა იარაღის ტარების ნებართვასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტზე უარი უნდა თქვას და ჩააბაროს.

მედიის ინფორმაციით, შოვინსა და მის ადვოკატს გირაოს პირობები არ გაუპროტესტებიათ.

შეგახსენებთ, დერეკ შოვინი ის ყოფილი პოლიციელია, რომელმაც დაკავების ოპერაციის დროს ფერადკანიან ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლი თითქმის 9 წუთის განმავლობაში, მანამდე დააჭირა, სანამ დაკავებულმა გონება არ დაკარგა. შოვინი მეორე ხარისხის მკვლელობაშია ბრალდებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 40 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ში ანტირასისტული პროტესტის ძლიერი ტალღა გამოიწვია, რომელიც თითქმის, ორი კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button