რეგიონი

ათხოვებენ თუ არა, 15 წლის მოზარდს სოფელ იორმუღანლოში

ათხოვებენ თუ არა, 15 წლის მოზარდს სოფელ იორმუღანლოში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, შესაძლოა 15 წლის მოზარდი გაათხოვონ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გოგონა ამჟამად, საქმროს ბებიის ოჯახში იმყოფება, თუმცა ის, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არის.
გოგონას ოჯახის ახლობელი ყვება, რომ დეკემბრის დასაწყისში, 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა, 15 წლის გოგონა, საკუთარი სახლიდან ძალით წაიყვანა. ნათესავი ამტკიცებს, რომ გატაცება ინსცენირებული და მოზარდის მამასთან შეთანხმებული იყო.

” ყველაფერი იყო მამასთან შეთანხმებული. უთხრა, ვითომ მოიტაცე, მე წინააღმდეგი არ ვარო. ვიცი, რომ პოლიციას უთხრა, ჩემი თანხმობით მოხდაო. ეს გოგონა გაზარდა ბებიამ, ხმაურიც მან ატეხა და სამართალდამცავებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ბიჭს და გოგოს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ისევ მშობლების თანხმობით, ეს გოგო გადაიყვანეს ბიჭის ბებიასთან და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არის. გუშინაც მოვიდნენ და გადაამოწმეს, რომ ბიჭს არ ჰყავს თავისთან წაყვანილი. მე ვფიქრობ, აურზაურის ჩაცხრობას ელოდებიან და გაათხოვებენ. როგორ შეიძლება, მაგისთვის ოჯახი, ჯერ სულ ბავშვია, ან ოჯახი რატომ თანხმდება ამას, ვერ გეტყვით”- ყვება ახლობელი.

დღევანდელი მდგომარეობით, მოზარდი სკოლაში არ დადის, თუმცა იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მედიასთან კონტაქტს თავს არიდებს და მიზეზებზე საუბარი არ სურს.
მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობენ, გოგონას ოჯახის წევრებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ 15 წლის მოზარდი მეთვალყურეობის ქვეშ არის და მას საფრთხე არ ემუქრება.
აზერბაიჯანულოვან თემებში გოგონების ნაადრევად გათხოვების პრობლემაზე მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები მასალებს ხშირად აქვეყნებენ და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button