“ავადობა გაზრდილია, თუმცა ეპიდემიის მაჩვენებელი არ არის”
სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი – 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. დავით ნონიაშვილი წარმოშობით კასპიდან იყო, თუმცა ის თბილისში ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მას გრიპის ვირუსი ჰქონდა, თუმცა უცნობია, მიმართა თუ არა მან სამედიცინო დაწესებულებას.
შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.
ღორის გრიპით გარდაცვალების ორი სხვა შემთხვევა, დღეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა დაადასტურა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებულია, რომ ქუთაისის საავადმყოფოში H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გამყრელიძე ასევე ადასტურებს, რომ ბათუმის საავადმყოფოში შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზიც ე.წ. ღორის გრიპია. როგორც ის ამბობს, ავადობა გაზრდილია, თუმცა ეს ეპიდემიის მაჩვენებელი არ არის.
მოისმინეთ ამირან გამყრელიძის ხმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება. როგორც მინისტრმა კლინიკების დირექტორებთან შეხვედაზე განაცხადა, თანადაფინანსების ნაწილსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახდელი იყო, სახელმწიფო დააფინანსებს.
ასევე, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განაცხადებით, ხვალიდან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს.
მისივე თქმით, პრემიერ მინისტრისგან დავალება პრეპარატის უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით გუშინ გვიან ღამით მიიღო და შესრულების მექანიზმების გაწერა მიმდინარეობს.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შემოტანაც იგეგმება. მისი თქმით, მოსახლეობაში ვაქცინაციის ჩატარების მიმართულებით მოტივაცია გაზრდილია.