მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტომანქანების დიდი რაოდენობა და არამიზნობრივად გაცემული ტონობით საწვავი დედოფლისწყაროში-რა წერია აუდიტის დასკვნაში

” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 2018 წელს, ყოველთვიურად საწვავი გაიცემოდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 23 ავტომანქანაზე, ხოლო 2019 წელს − 24 ავტომანქანაზე”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც დედოფლიწყაროს მინიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შეფასებას ეხება.

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე, მერიას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა უნდა ჰყოლოდა. ამის მიუხედავად, აუდიტის შესაბამისობის დასკვნა მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 2 განპიროვნებული და 8 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო 2019 წელს – 2 განპიროვნებული და 11 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

ავტომანქანების ასეთმა სიმრავლემ გამოიწვია, რომ მერიამ პირად საკუთრებაში არსებულ 47 ავტომანქანაზე, ორი წლის განმავლობაში, 26.4 ტონა საწვავი გასცა. საწვავზე გაწეული ჯამური ხარჯი, სულ 60.1 ათას ლარს შეადგენს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის განმარტებით, გაწეული ხარჯის დიდი ოდენობა, კომუნალურ ხარჯებთან გაერთიანების შედეგია.

” ყველა ხარჯი ერთადაა აღებული, მათ შორისაა კომუნალურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯებიც. რაც შეეხება ავტომანქანების სიმრავლეს, ეს აუქციონზე გასატანი ავტომობილებია, უბრალოდ, არ მოესწრო და ახლა მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია”- განაცხადა მერაბიშვილმა რადიო ჰერეთთან.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ავტომანქანების მთავრობის მიერ განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი ტრანსპორტი, 2015- 16 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა ხარვეზი დღემდე მოუგვარებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button