აზარტული თამაშების რეგულირების ინიციატივა

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში გრძელდება. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ოპოზიცია კანონპროექტს არსებული რედაქციით მხარს არ დაუჭერს.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა არ უნდა მოხდეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონის მიღება შეზღუდავს ონლაინ ტოტალიზატორების, ონლაინ კაზინოების ოპერირებას, შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები, რადგან ლუდომანია არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.
„კანონპროექტის შემუშავების მამოტივირებელი არ არის ეკონომიკური მიზანი, მისი შემუშავების მოტივი არის უფრო პოლიტიკური, რადგან ლუდომანიის პრობლემა, რომელსაც განიცდის საზოგადოება, არის უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ის სარგებელი, რაც სპორტის დაფინასების თუ დასაქმების ნაწილში მოაქვს ამ სფეროს. ეს არის ჩვენი მიდგომის პრინციპი. სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის გამო, ტელევიზიები შემოსავალს დეკემბერში დაკარგავენ, თუ თებერვალში.
მედიამენეჯერები კანონის ინიციატორებს რეკომენდაციის სახით სთხოვენ, პირველი იანვრიდან არ დაეკისროთ ვალდებულება რეკლამის აკრძალვის შესახებ. ისინი რამდენიმე თვეს ითხოვენ, რომ კომპანიები ფინანსური წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.
“თუკი ვთანხმდებით, რომ ეს არის პრობლემა, თუკი ვთანხმდებით, რომ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის გზა, ეს პრობლემა ამ გზით დეკემბერში გადაწყდება, თუ თებერვალში არაფერს არ ცვლის, ის შემოსავალი თუკი საუბარია იმაზე, რომ ამ ბიზნესიდან სარეკლამო შემოსავალი აღარ ექნებათ ტელევიზიებს, აღარ ექნებათ დეკემბერში თუ აღარ ექნებათ თებერვალში, არ იქნება არც ისე, არც ესე”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯაღმაიძე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომას ესწრებოდა.
ის გახარებულია აზარტული თამაშების კანონში შესატანი ცვლილებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელ ტელევიზიებს აზარალებს.
დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
“ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომელიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდის, თამაშობს, აგებს და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის” – ამბობს ჯაღმაიძე.
მედიამენეჯერები კი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ იმისთვის, რომ სარეკლამო ბაზარი და ფინანსები ახალ რეალობაზე გადაეწყოს.
კანონპროექტზე დღესვე იმსჯელებენ პირველი მოსმენით პლენარულ სესიაზე.
გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ახალი კანონი ონლაინთამაშების აკრძალვის შესახებ ლუდომანიის პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მისივე თქმით, ის, რომ ადამიანებს ონლაინთამაშებზე წვდომა შეეზღუდებათ, ტყუილია და ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია.
კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა, აზარტული თამაშების შეზღუდვას გულისხმობს.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.
ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს. შეიქმნება აკრძალულ პირთა სია.
ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა. დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ.
იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
აკრძალვა არ ეხება სპორტულ ფსონებს.
ასევე, იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია.
“ტვ პირველის” აღმასრულებელი დირექტორ, ნანა აბურჯანიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სასულიერო პირების გამოჩენა, უჩენს განცდას, რომ პარლამენტი არაფრის დათმობას არ აპირებს და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს “რიხინ-რიხინით” მიიღებენ.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან ვერ მოისმინეს არგუმენტი, რატომ იღებენ აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტს დაჩქარებული წესით.
პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში ვრცელდება. დამოუკიდებელი ტელეკომპანიები ცვლილებებს სატელევიზიო რეკლამის აკრძალვად აფასებენ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ამგვარი რეკლამის განთავსება ცვლილებების შემდეგ ისევ ნებადართული იქნება სპორტულ არხებზე.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ონლაინ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, ტელემაუწყებლების, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელები.