აზარტული თამაშების რეკლამირება მარტიდან აიკრძალება

აზარტული თამაშების რეკლამირება 2022 წლის მარტიდან აიკრძალება. აქამდე შეზღუდვა ძალაში პირველი იანვრიდან შედიოდა.
ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, მათ ტელევიზიების თხოვნა გაითვალისწინეს. თუმცაღა ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის ამოქმედების ორი თვით გადაწევა ახალი სპონსორების მოძიებისთვის საკმარისი მაინც არაა და შეზღუდვის ამოქმედების ვადის შემოდგომამდე გადაწევას ითხოვენ.
გავითვალისწინეთ ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომელსაც დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იხილავენ.
ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ ტელევიზიები ამ ვადის გადაწევას სექტემბრამდე ითხოვდნენ, ზარქუა აცხადებს, რომ ერთია მათი სურვილი და მეორე ოპტიმალური ვადა, ოპტიმალურ ვადად კი მარტის თვე შეირჩა.
“პირველი მოსმენის შემდეგ იცით, რომ გამოითქვა გარკვეული ტელევიზიებიდან სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, რადგან უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც ამ ახალ რეალობაზე, აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ და რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზებისთვის მარტიდან ამოქმედდება. ეს არის მეორე მოსმენისთვის ცვლილება. დაახლოებით სამი თვე გამოდის გადაწევა ვადის. ჩემი აზრით, ეს ვადა არის საკმარისი, რომ ყველა ტელევიზია გადაეწყოს”, – განაცხადა ზარქუამ.
აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულ ვადაში განიხილება. პარლამენტმა მას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.
აზარტული თამაშის მსურველთა ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდისა და აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ცვლილებები 2022 წლის პირველ მარტამდე გადავადდება.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.
კანონდარღვევა პირველ ჯერზე ორგანიზატორის 10 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
„საქართველოს კანონში რეკლამის შესახებ, მეორე მუხლში ცვლილება განხორციელდა. პირველი მოსმენით იყო თხოვნა ტელევიზიების მიმართ, რომ იქნებ ვადა გაზრდილიყო. ამასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად რაც შევძელით არის ის, რომ განგვესაზღვრა პირველი მარტი. აქედან გამომდინარე, ეს კანონი ამოქმედდება 2022 წლის პირველი მარტიდან”, – განაცხადა საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, პირველ მარტამდე გადავადდა ის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, თამაშის მსურველთა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზრდება.
აქვე კანონის თანახმად ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს.
შეიქმნება აკრძალულ პირთა სია.
ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა.
კანონპროექტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება სპორტულ ფსონებს.
დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ.
იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ:
რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
იქ, სადაც მიმდინაროებს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი;
რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე;
ცნობისათვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.