აზერბაიჯანის ქალაქ ბილიასუვარში (ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბაქოდან 180 კმ-ის მოშორებით) მომიტინგეები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
4 მაისს ბილიასუვარის მოსახლეობის ნაწილი ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბა, პანდემიის პირობებში აუცილებელი სოციალური დახმარების „არათანაბარი და უსამართლო გადანაწილება“ გააპროტესტა და დახმარებების გაცემა მოითხოვა.
მომიტინგეები დაშავებულ მოქალაქეებზე და პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოვლენაზე საუბრობენ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მხოლოდ ერთი მომიტინგის დაკავება დაადასტურა და თქვა, რომ ფიზიკური დაზიანება სამართალდამცავებს მან თავად მიაყენა.
როგორც Кавказский узел-თან უფლებადამცველი ემინ ჰუსეინოვი ამბობს, ეს აქცია მოსახლეობაში დიდი ხნის დაგროვილი უკმაყოფილების სპონტანური გამოხატვა იყო.
აქციას წინ უძღოდა შემდეგი მოვლენები: 29 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავა ბილიასუვარის რაიონის მაღალჩინოსანი მაჰირ გულიევი, მისი მოადგილე და რამდენიმე მაღალჩინოსანი.
მეორე დღეს გულიევს პატიმრობა შეუფარდეს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მისი თანამდებობიდან მოხსნის ბრძანებას მოაწერა ხელი.
1 მაისს უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, გულიევს ბრალად ედება მის მოადგილესთან, ხანლარ მამადოვთან ერთად, პანდემიის პირობებში გასაცემი სოციალური დახმარების მითვისება; ამასთან, გულიევს კორუფციის სხვა ბრალდებებიც წაუყენეს.
თუმცა, როგორც Кавказский узел-ს ემინ ჰუსეინოვმა უთხრა, „პრობლემა ცალკეულ ჩინოვნიკებში კი არ არის, მთელს სისტემაშია“.