“აზიური და აფრიკული ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოსვლა გამკაცრდა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფარგლებში რამდენიმე ათეულ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცა.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რომ საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით არ მოხდეს და ჩვენი ქვეყნის გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ.

“საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს დილიდან საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, მისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს შს სამინისტროსთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button