მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“აზოვსტალი” რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა

რუსეთმა გამოაცხადა, რომ კვირების განმავლობაში ალყაშემორტყმული მეტალურგიული ქარხანა “აზოვსტალი” მარიუპოლში მთლიანად დაიკავა. ამის თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ბოლო, დაახლოებით 500-მდე მებრძოლი, მისი სიტყვებით, „დანებდა“. სამინისტროს თანახმად, მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკვე მოახსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქარხნის “სრული განთავისუფლების” შესახებ.

ცნობით, შედეგად, სამრეწველო ზონა მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

“მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა “აზოვსტალის” ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან ბლოკირებული იყო უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი “აზოვი”, სრულად გათავისუფლებულია”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო აცხადებს, 16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მებრძოლებმა “იარაღი დაყარეს”, ხოლო მარიუპოლი და აზოვსტალი “თავისუფალია”. ამასთან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან აზოვის პოლკის მეთაურიც ევაკუირებულია.

უკრაინულ მხარეს მომხდარი არ დაუდასტურებია.

უფრო ადრე, 20 მაისს, ზონაში დარჩენილმა უკრაინელმა მეომრებმა გამოაცხადეს, რომ ისინი დანებებას დათანხმდნენ. ბატალიონ „აზოვის“ მეთაურმა, ამავე ცნობის თანახმად, განაცხადა, რომ არმიის სარდლობის ბრძანებით, მარიუპოლის დაცვა უნდა შეწყვეტილიყო, რადგან დაცული უნდა იყოს უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თითქმის სულ დანგრეული მეტალურგიული ქარხანა უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლო იყო ალყის დროს. ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა რუსეთს შეუძლია თავისი იერიში უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, გააძლიეროს.

16 მაისს უკრაინამ დაადასტურა, რომ აზოვსტალის ტერიტორიიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლები გაიყვანეს, რომელთაც მკურნალობის შემდეგ რუს სამხედრო ტყვეებზე გაცვლიან. მას შემდეგ რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზოსვტალიდან მებრძოლები გაჰყავთ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, “აზოვსტალიდან” ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.

“დღეის მდგომარეობით გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქარხანაში იყო ბლოკირებული. ქარხნის მახლობლად მყოფი ან მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, დაჭრილები გამოიყვანეს. ამ მომენტში, როცა ვსაუბრობთ, ვიცი, რაც ხდება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, არც დღეებში, უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველას გამოყვანა”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, მარიუპოლის აბსოლუტურად ყველა დამცველი გმირი ხალხია და მათ ეცნობათ, რომ აქვთ სრული უფლება, გამოვიდნენ ქარხნიდან და გადაარჩინონ სიცოცხლე.

მისი თქმით, “აზოვსტალიდან” ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.

დასავლელ პარტნიორებს იარაღი ვთხოვეთ ქარხნის ტერიტორიის სამხედრო გზით განბლოკვისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც გამოაშკარავდა, რომ “აზოვსტალის” განბლოკვა შეუძლებელი იყო სამხედრო გზით, მათ ევაკუაციაში ჩართვისკენ მოვუწოდეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ განბლოკვით დაკავდებიან შუამავლები, დასავლელი პარტნიორები. მოველაპარაკე თურქეთს, შვეიცარიას, ისრაელს, როცა დავინახეთ, რომ მისი განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელი იყო,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ინაუგურაციის სამი წლისთავისთვის მიძღვნილ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალში მყოფების ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button