ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბოლო ერთ დღეში არაბულ ანკლავში დაბომბვისა და სხვა სახის საბრძოლო მოქმედებების შედეგად 340 ადამიანი დაშავდა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში, საომარი მოქმედებების გამო 25 295 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 63 000 კი დაშავდა. პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამად შტაიემ მსოფლიოს მოუწოდა, განიხილონ ისრაელისთვის სანქციების დაწესება.
ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩიხში შევიდა, ვინაიდან ჰამასი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ითხოვს. (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.)
როგორც NBC News-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკელი, კატარელი და ეგვიპტელი ოფიციალური პირები კვლავაც მოითხოვენ შეთანხმების მიღწევას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130 ისრაელელის გათავისუფლებას.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ჰამასი ითხოვს ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტას, ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან და პალესტინელ პატიმართა დიდი ნაწილის გათავისუფლებას, მათ შორის იმათი, ვინც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა განახორციელა.
ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფება არავითარ მოქმედებას არ განახორციელებს, სანამ არ მიიღებს დაპირებას, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყდება და ისრაელის მთელი ჯარი არ დატოვებს ღაზის სექტორს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას საჯაროდ უარყო ჰამასის მოთხოვნები.
„თუკი დავთანხმდებით ამას, ვერ შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირებას. ვერ შევძლებთ ევაკუირებულთა მშვიდობიანად დაბრუნებას სახლებში და შემდეგი 7 ოქტომბერი მხოლოდ დროის საკითხი იქნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „დაჯგუფება მრავალ წინადადებას და იდეას იღებს სხვადასხვა შუამავლისგან, ძირითადად ეგვიპტელებისა და კატარელებისგან“ ისრაელელი მძევლების პოტენციური გათავისუფლების ვადებისა და რეალიზაციის შესახებ, საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვანი პაუზისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ოფიციალური პირების სიტყვებით, შუამავლების შეთავაზებაა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებას სამ ეტაპად, 30 დღის განმავლობაში.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მძევლების გაცვლის სანაცვლოდ ომის დასრულების შესახებ ჰამასის მოთხოვნას არ დათანხმდება.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ჰამასმა ღაზაში დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ომის დასრულება, პალესტინელი პატიმრების გამოშვება და ღაზიდან ისრაელი ძალების გაყვანა მოითხოვა, თუმცა ის ამ პირობებს არ მიიღებს.
“დღედაღამ ამაზე ვმუშაობ, მაგრამ ყველაფერი ცხადი რომ იყოს: სრულიად უარვყოფ ჰამასის მონსტრების მხრიდან დანებების პირობებს. თუ ამას დავთანხმდებით, ჩვენი სამხედროები დაეცემიან ამაოდ, თუ ამას დავთანხმდებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემას ვერ შევძლებთ”, – განაცხადა მან.
ნეთანიაჰუმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის, ეგვიპტესა და კატარს სურს ისრაელი შეუერთდეს ჰამასთან მოლაპარაკებების ახალ ფაზას, რომელიც მძევლების გათავისუფლებით დაიწყება და ღაზიდან ისრაელის ძალების გასვლასაც მოიცავს.
ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მრავალმა ქვეყანამ გაკიცხა ისრაელი და მას ძალის განურჩევლად გამოყენებაში დასდო ბრალი. აშშ აღნიშნავს ისრაელის უფლებას თავდაცვაზე, მაგრამ ამავე დროს მას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას სიფრთხილისა და პროპორციულობისკენ მოუწოდებს. უკანასკნელ ხანებში თავად ისრაელში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა ნეთანიაჰუს მიმართ, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ მას არა აქვს მძევალთა განთავისუფლების სტრატეგია და ომის შემდგომი ღაზის აღდგენის გეგმა.