მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. 6 ოქტომბერს ნიუ-იორკში, დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ პირველად არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი საფრთხე, თუ ყველაფერი ისევ ამ გზით გაგრძელდება. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ყოფილან კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის დროიდან.
“პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ჩვენ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვმდგარვართ პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს, რადგან მისი სამხედრო ძალები საქმეს ვერ ასრულებენ,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა 1962 წლის კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, ბირთვული ომი გამოეწვია. ეს მოვლენები ცნობილია კარიბის კრიზისის სახელითაც. აშშ-ის მიერ თურქეთში საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსების პასუხად, საბჭოთა კავშირმა კუბაზე განათავსა სამხედრო ქვედანაყოფები, რომელთა არსენალში იყო ბირთვული იარაღიც.

უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობების ფონზე პრეზიდენტმა პუტინმა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი თავს დაიცავს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ამ საშუალებებს შორის ბირთვული იარაღიცაა.

პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს, რადგან მისი არმია მნიშვნელოვნად ჩამორჩენილია. „არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა იოლად გამოიყენო ტაქტიკური ბირთვული იარაღი და არმაგედონით არ დაასრულო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ვაშინგტონი დიპლომატიურ გზებს ეძებს და ცდილობს გაარკვიოს, რა არის პუტინისთვის ისეთი გამოსავალი, რომ არც სახე დაკარგოს და არც მნიშვნელოვანი ძალაუფლება რუსეთში.
ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები შექმნილი მდგომარეობიდან დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.

ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის ამ გამოსვლამდე ორი დღით ადრე, 4 ოქტომბერს, თეთრ სახლსა და პენტაგონში განაცხადეს, რომ არ აქვთ იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ან მის სიახლოვეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

“უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ ნატო-მ რუსეთზე პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა, არაპროგნოზირებადი და საშინელი შედეგებით” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, აღნიშნულ განცხადებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა. უკრაინის პრეზიდენტს გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც.

მისი თქმით, “ზელენსკი ფსიქიატრს უნდა ეჩვენოს, სანამ საკუთარი ხალხისთვის და ყველა დანარჩენისთვის უფრო მეტი ზიანი არ მიუყენებია.”

მსგავსი პოსტები

Back to top button