ბაქო 2015 – ძიუდო: საქართველო ძიუდოისტებისა და ექიმების იმედად
დღეს, 25 ივნისს, თამაშებში ძიუდოისტებიც ჩაებმებიან, რომლებსაც ახლა მთელი ჩვენი იმედები უკავშირდება.
სამწუხაროდ, გუნდი სერიოზული ტრავმებით ხვდება შეჯიბრებას – ლაშა შავდათუაშვილის (73) და ადამ ოქრუაშვილის (+100) გარდა, ყველას რაღაც აწუხებს, თუმცა ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ყველაზე რთულად ნუგზარ ტატალაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81) და ლევან მატიაშვილი (+100) არიან. პირველს ბოლო შეკრებაზე ყვარელში კოჭი და მუხლი უტკენია (თავიდან მენისკზეც კი შიშობდნენ), მეორეს იმავე შეკრებაზე ტრავმირებული ფეხი კიდევ გამიზეზებია, მესამეს კი ხელი დაუზიანებია.
ფეხი აწუხებს დღეს მოჭიდავე ამირან პაპინაშვილსაც (60) და ვალერი ლიპარტელიანს (90), ცოტა მხარს იტკიებს ბექა ღვინიაშვილი (90). ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) ტრავმა არა, მაგრამ საჭმლის მომნელებელი სისტემა კი აწუხებს.
ერთი სიტყვით, გუნდის ექიმებს მოცლა არ აქვთ.