მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

ბარებისა და ღამის კლუბების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ისინი დღეს, 26 მაისს, დედაენის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი.

მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე საუბარია იმ მძიმე ვითარებაზე, რაც პანდემიამ შექმნა არა მხოლოდ ბარებისა და ღამის კლუბების შემთხვევაში, არამედ მთლიანად ტურიზმის სექტორში.

“შექმნილი ვითარება იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას”. – ნათქვამია მიმართვაში. ბარებისა და ღამის კლუბების წარმომადგენლები სახელმწიფოს ღია სივრცეების გამოყოფასაც სთხოვენ. საუბარია სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ღია სარეკრეაციო სივრცეებზე, რომელსაც ისინი დროებით საკუთარი საქმიანობისთვის გამოიყენებენ.

“დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი – „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.

აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე”. – აცხადებენ ისინი.

ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები ასევე ითხოვენ საკრედიტო-საგარნტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფო მათაც დაეხმაროს, რათა ამ ვითარებაში ფინანსებზე ხელი მოუწვდებოდეთ. ამასთან აცხადებენ, ზოგ შემთხვევაში სესხის რესტრუქტურიზაციაც გახდება საჭირო, რაშიც მთავრობას თანადგომას სთხოვენ. 

“იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის, დღგ-ს კუთხით. მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნეს-ერთეულებისათვის კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი სესხის მიღებისას (დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში)”. – წერია მიმართვაში.

ბარებისა და კაფეების წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ თბილისის მერიის პროგრამამ “ღამის ეკონომიკამ” მათი ჩართულობის გარეშე მოამზადა კვლევა ამ სექტორის საჭიროებებზე. მათი განცხადებით, სფერო სპეციფიკური ბიზნეს მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ მათი ჩართულობით არის შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button