ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო იუსტიციის სახლმა მუშაობა დროებით შეაჩერა. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობილი გახდა, რომ ბათუმის იუსტიციის სახლი აქამდე თუ მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერის შემდეგ ემსახურებიოდა, დღეს, 8 სექტემბერს წინასწარი ჩაწერაც შეჩერებულია.
აჭარაში კორონავირუსის გაზრდილი რაოდენობის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაია გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ავადობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით საგანგაშო არ არის, რადგან ყოველ 100 ათას მოსახლეზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ 8 ადამიანია დაინფიცირებული. რაც შეეხება ცალკე აღებულ აჭარას, მანდ ინფექციის გავრცელება გაცილებით მაღალია.
როგორც ეზუგბაია აცხადებს, რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა, რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება იქნება საჭირო.
„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტესტირება ჩაუტარედებათ აჭარის პროკურატურის თანამშრომლებსაც. პროკურატურა და იუსტიცია ბათუმში ერთ შენობაში, სხვადასხვა სართულებზეა განთავსებული.
8 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს „პისიარ ტესტი“.