“ბედის ირონიის” ვარსკვლავი პუტინს გამათრახებით დაემუქრა
ბარბარა ბრილსკამ გადაცემაში «Светская жизнь» განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მას გული გაუტეხა.
„პუტინი ძალიან მიყვარდა, ძალიან, მაგრამ მან გული გამიტეხა. ვიცი, რომ მართალი არ არის. გესმის ჩემი, ვალოდია? მუხლებზე დაიჩოქე და გაროზგვისთვის მოემზადე!“ – აცხადებს ბრილსკა.
მსახიობის თქმით, მას პრაქტიკულად აღარ ეპატიჟებიან მოსკოვში პროუკრაინული პოზიციის დაკავების გამო.
„დიდი ხანი არ არის, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, სევასტოპოლში კინოფესტივალზე დამპატიჟეს, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე. ოქროს მთებს მპირდებოდნენ, ოღონდ ჩავსულიყავი, მაგრამ მე ვთქვი: „არასოდეს“! – განაცხადა მსახიობმა.
ბარბარა ბრილსკამ, ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში, ღიად გამოხატა საკუთარი პოზიცია და რუსეთის მოქმედებები უკრაინაში მკაცრად დაგმო. იგი იყო ერთ-ერთი ავტორი იმ წერილისა, რომლითაც პოლონელებმა უკრაინელებს მიმართეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
წერილის შედგენაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ცნობილი პოლონელი რეჟისორები: ეჟი გოფმანი, ანჟეი ვაიდა, კშიშტოფ ზანუსი.