ბელარუსის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან კონფლიქტის გაგრძელება ბირთვულ ომამდე მივა, რაც მისი თქმით უფსკრულია. ამის შესახებ პრეზიდენტმა AFP-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„უნდა შევჩერდეთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ასევე აცხადებს, რომ ომის დასრულება უკრაინაზეა დამოკიდებული, თუმცა „უკრაინას არავინ მისცემს უფლებას, ომი დაასრულოს“.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავარი რუსეთის უსაფრთხოებაა და უკრაინამ მოლაპარაკებებისას უნდა დადოს პირობა, რომ რუსეთს საფრთხეს არასდროს შეუქმნის.
„მოდით, გავჩერდეთ. ჩვენ აღარ უნდა წავიდეთ უფრო შორს. უფრო შორს უფსკრულია, ბირთვული ომი. ამასთან მისვლა არაა საჭირო. ეს ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული. ახლა ამ მომენტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ეს ომი უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით შეიძლება დასრულდეს. მაგრამ უკრაინას არავინ მისცემს ომის დასრულების უფლებას.
უკრაინა უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დათანხმდეს, რომ რუსეთს არასდროს დაემუქრება და არ ექნება ისეთი იარაღი თავის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიას საფრთხე შეუქმნას. ეს არის მთავარი რამ. დენაციფიკაცია და ასე შემდეგ – ეს ფილოსოფიაა, დამიჯერეთ, ეს ფილოსოფიაა. მთავარი რუსეთის უსაფრთხოებაა“ – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ AFP-სთან ინტერვიუში.
ლუკაშენკომ ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დასავლეთი დაადანაშაულა.
„თქვენ გააჩაღეთ ომი და აგრძელებთ მას,“ – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა და დასძინა, რომ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მოსკოვს რომ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო, რომელსაც ის დასავლეთის სახელმწიფოებისგან ითხოვდა.
„რუსეთს რომ არ დაესწრო თქვენთვის, ნატო-ს წევრებო, თქვენ დაარტყამდით მას“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.