მსოფლიოსიახლეები

ბელარუსში 119 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად, მინსკში 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით, – 119. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ქვეყნის მასშტაბით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. ადგილობრივი მედია დაშავებულების შესახებაც იტყობინება.

„როიტერსის“ ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული. გამოსვლები მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

„ამჟამად დაკავებულები არიან არასანქცირებული აქციების მონაწილეები, თუმცა დაკავებულთა რიცხვს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ, რადგან აქციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.” – განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა ჩემოდანოვამ.

მისივე თქმით, მინსკში და ქვეყნის სხვა რეგიონებში, მილიციის შემადგენლობა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამომრჩეველთა ხმების 81%-ს იღებს, ხოლო მისი მეტოქე, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, – 8%-ს.

მსგავსი პოსტები

Back to top button