“ბენზინს გადავისხამთ, ვერაფერი გაგვაჩერებს”
მოძრაობის „შემახე ამნისტია” აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია დღეს თბილისში გამართეს. მოძრაობის წევრები მმართველი გუნდისაგან საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღებას მოითხოვენ.
„მთავარი მოთხოვნაა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს ამნისტია. ამისთვის არაერთი აქცია გავმართეთ, დაგეგმილია აქტივობებიც. ამ კვირაში იქნება აქცია რუსთავში. კანონპროექტის სახით შევა საკანონმდებლო ორგანოში და იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა ექნება.” – ამბობს უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე.
ანალოგიური მოთხოვნით აქციები უკვე გაიმართა ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. აქტივისტები პატიმრებთან მიმართებით სამართლიანი დამოკიდებულების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუკი ამნისტია არჩევნებამდე არ გამოცხადდა, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
„ჩვენ, დედები ისე ვართ გამწარებულები, ვერავინ გაგვაჩერებს. დავიწყებთ უწყვეტ აქციებს პარლამენტთან, სანამ ფართომასშტაბიანი ამნისტია არ მოხდება და ეს ამნისტია უნდა მოხდეს არჩევნებამდე. ბენზინს გადავისხამთ, ვერაფერი გაგვაჩერებს. ახალგაზრდა ბიჭები არიან დაავადმყოფებულები.” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.