“ბექაური ნაცვლად იმის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, პირიქით ხელს უწყობს, რომ რადიოები ბაზრიდან გაქრნენ”
საქართველოს კომუნიკაციების კომისია, ქვეყნის 40-მდე რადიოსადგურს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
კომისიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კომისიის სტრატეგიით დადგენილი ცვლილებები არ ეხება მოქმედ მაუწყებლებს.ბექაურის უწყება, აღნიშნავს რომ რადიოებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
კომისიის განცხადებასა და პროექტს ეხმაურება რამაზ სამხარაძე,”საქართველოს რეგონულ რადიოსადგურთა ქსელის”თავმჯდომარე და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი.
სამხარაძე მიიჩნევს, რომ ის რადიოსადგურები ვისაც სალიცენზიო ვადა გასდით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე არიან, რადგან ხარჯი კოლოსალურად იზრდება, რაც მათ ფუნქციონირებას საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მაგალითად რადიო ჰერეთს, რომელიც კახეთის რეგიონის 90 % ფარავს და 22 წელია ლაგოდეხიდან მაუწყებლობს, სტრატეგიის თანახმად ახალი წერტილების ათვისება ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდება.
ჰერეთი, ლიცენზიის ორი ვადის (2028 წელს გასდის ლიცენზიას ვადა) გასვლის შემდეგ, ვეღარ გააგრძელებს მაუწყებლობას თუ რეგიონის მასშტაბით სამ წერტილში თელავის, ყვერელსა და დედოფლისწყაროს ანძებზე ახალ გადამცემ სადგურებს არ განათავსებს.
კომისიის სტრატეგიის თანახმად, რადიომ კახეთში 3 ქალაქიდან უნდა იმაუწყებლოს. შესაბამისად დედოფლისწყაროს, ყვარლის და თელავის წერტილებს სიგნალის მისაწოდებლად დამატებით ტექნიკური საშუალებები (სამი FM გადამცემი, შიდა სარელეო ქსელი და სხვა ტექნიკური საშუალებები) დასჭირდება, რაც ჯამში რადიოსადგურის ხარჯს ნახევარ მილონ ლარამდე გაზრდის, მაშინ როცა კომისიას შეუძლია ლაგოდეხის წერტილის გაძლიერება და ლიცენზიით მინიჭებული სიმძლავრის და სხვა ტექნიკური პარამეტრების გაზრდა/მოდიფიცირება.
” თუ კომისია სიმძლავრებს და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს გაზრდის, რადიოს ლაგოდეხის ანძიდან შეეძლება უფრო ძლიერი სიგნალის მიწოდება მთელი კახეთისთვის და აღნიშნული პრობლემები გადაიჭრება. ადგილობრივი რადიოსადგურები 250-500 ვატის სიმძლავრით მაუწყებლობენ, მაშინ როცა, მეზობელი აზერბაიჯანის რადიოები კახეთში დაახლოებით 5-10 კილოვატით შემოდიან, ასევე თურქეთის რადიოსადგურები ბათუმში უფრო მძლავრი სიგნალით მაუწყებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე. კომისია ნაცვლად იმის, რომ იცავდეს ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებდეს ქართულ რადიოსადგურებს, პირიქით საფრთხეს უქმნის რომ ბაზრიდან გაქრნენ. ბექაურის სტრატეგიული დოკუმენტი რბილად რომ ვთქვათ არის სრულიად დილეტანტი ადამიანების შედგენილი, არაპროფესიონალიზმის გამოვლინება და კლავს როგორც სარეკლამო ბაზარს, ასევე რადიოინდუსტრიას.” – აღნიშნავს რამაზ სამხარაძე.
კომისიის ამბავს წინ უძღვოდა მედიაკოალიციის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც კოალიცია ბექაურის უწყებას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რადიო მაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად სთავაზობდა ევროკავშირის ჩართულობით უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე მუშაობას.
საქართველოს რადიომაუწყებლები უახლოეს დღეებში სპეციალურ პრესკონფერენციის გამართვენ.