მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ძალები აგრძელებენ საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალები აგრძელებენ საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს.

ყველაზე რთული ვითარება კვლავ ბახმუტში, ავდიივკასა და ლიმანში რჩება. უკრაინელი სამხედროების თქმით რუსულმა ძალებმა კვლავ გააქტიურეს შეტევები ცხელ წერტილებში.

თავდასხმა მოხდა უკრაინის უმსხვილეს კერძო კომპანიაზეც, რომელიც ენერგეტიკულ ინდუსტრიაშია ჩართული. ბოლო ინფორმაციით შეტევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთიც კი დაიჭრა.

იბომბებოდა სუმის ოლქიც, გუბერნატორის თქმით, ოლქის ტერიოტიაზე 45 ჯერ გაისმა აფეთქების ხმა. ელექტრო ენერგიის დეფიციტი კვლავ 50 პროცენტია კიევის ოლქში.

გუბერნატორი ოლექსეი კულება ამბობს, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით პრიორიტეტულია საავადმყოფოები, წყალმომარაგების სისტემები და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საახალწლო პერიოდში შესაძლოა რუსი ტერორისტები გააქტიურდნენ.

“გახსოვდეთ ვინ გვებრძვის, მოახლოებულ სადღესასწაულო პერიოდში, რუსი ტერორისტები შესაძლოა კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ხელყოფენ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ზოგადად ნებისმიერ ღირებულებებს. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს, ერთმანეთს დაეხმარეთ და გაუფრთხილდით. რუსეთის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი პასუხგაუცემელი არასდროს დარჩება,”- აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიშები დაიწყეს.

“რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ხერსონში სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა, ასევე იყო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. რუსულ ჯარებს მნიშნელოვანი დანაკარგები აქვთ, რის გამოც საოკუპაციო ძალები ლუგანსკის რეგიონის საავადმყოფოების სამხედრო ჰოსიტლებად გადაკეთებას განაგრძობს. 22 დეკემბერს ზაპოროჟიეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის საბრძოლო მასალის 2 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს. დაიჭრა მოწინააღმდეგის 70-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მტრის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის პოზიციებზე. ჩამოაგდეს ოკუპანტების 9 უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე იერიშები მიიტანეს ოკუპანტების 2 საბრძოლო საცავზე და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 11 უბანზე,”- აცხადებს სტუპუნი.

ხერსონის საოლქო პროკურატურის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, გავრცელებული ინფორმაციით, არის 5 დაღუპული, ხოლო დაიჭრა 20 ადამიანი.

“23 დეკემბერს დილით, რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონის მორიგი დაბომბვის შედეგად, ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა”, – განაცხადა ხერსონის საოლქო პროკურატურამ.

წინასწარი მონაცემებით, მტერმა ქალაქზე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
“ტერორისტი ქვეყანა აგრძელებს რუსული მშვიდობის მოტანას სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვის სახით. ხერსონი. დილა, შაბათი, შობის წინა ღამე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არაა სამხედრო ობიექტი, ეს არაა ომი წესებით. ეს ტერორია, ესაა მკვლელობა დაშინებისა და კმაყოფილებისთვის”, – დაწერა ზელენსკიმ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button